ბოლო პერიოდის მონაცემებით დოლარის კურსი ყოველდღიურად, მნიშვნელოვნად იზრდება. აღნიშნულის გამო სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებში პროდუქცია ძვირდება. მოსახლეობა ლარის ინფლაციის გამო შეშფოთებულია.
ბოლო პერიოდის მონაცემებით დოლარის კურსი მნიშვნელოვნად გაიზარდა, ეს კი უარყოფითად განსაკუთრებით იმ მოქალაქეებზე აისახა, რომელთაც ბანკიდან სესხი ლარის ნაცვლად უცხოურ ვალუტაში აქვთ აღებული. მოსახლეობა ამბობს, რომ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ფასები გაიზარდა. ადგილობრივების გარკვეული ჯგუფი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესი, საგანგაშო არა არის და ვალუტის კურსის პერიოდული ცვლილება მთელს მსოფლიოში ხდება. თუმცა მეორე ნაწილი შიშობს, რომ შესაძლოა, ლარმა კუპონის ბედი გაიზიაროს.
დღეის მდომარეობით ვალუტის გამცვლელ პუნქტებში, დოლარის ყიდვა 2,00 ლარდაა შესაძლებელი, ხოლო გაყიდვა ერთ ლარად 97თეთრად. ახალციხის გამცვლელი პუნქტის მეპატრონის თქმით, ლარის კურსი ვარდნა დოლართან მიმართებაში წინა წლებშიც დაფიქსირდა. თუმცა, ნოდარ მოსიძის განმარტებით, ერთი კვირაა გამცვლელ პუნქტებთან ხალხმრავლობა შეიმჩნევა და მოსახლეობა ცდილობს, რომ თანხა ლარის ნაცვლად დოლარის სახით შეინახოს. მისი თქმით, დოლარის კურსის მატება ყოველთვის წინასაახალწლო პერიოდში ხდება, ხოლო იანვრის 15 რიცხვებისათვის კურსი დაბლა იწევს.
ეკონომისტების განმარტებით, დოლარის კურსის მატება სხვადასხვა კომპონენტზეა დამოკიდებული. ეკონომიკის დოქტორის როინ თათეშვილის თქმით, საბიუჯეტო პროცესებში ხარჯვითი ნაწილი სწორად უნდა იყოს განაწილებული, ასევე, ლარის დიდი ოდენობა ბაზარზე არ უნდა გადიოდეს. მისივე თქმით, ვალუტის ცვლილება ეკონომიკის ზრდის ტემპებზეცაა დამოკიდებული. როინ თათეშვილის მტკიცებით, ლარის გამყარების საკითხში მნიშვნელოვან როლს ექსპორტი ასრულებს, ხოლო უხოური ინვესტიციები პირდაპირ არის მიბმული უცხოური ვალუტის შემოდინებაზე. ეკონომიკის დოქტორის თქმით, საქართველოს მოსახლეობისათვის დოლარის კურსის მატება, მათ მატერიალურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად აისახება. მისი აზრით, სიტუაციის დასარეგულირებლად სახელმწიფომ და ეკონომიკურმა გუნდმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადადგან.
ეკონიმისტები ვარაუდობენ, რომ საერთაშორისო ტრენდი დოლარის კურსის გამყარებაზეა მიმართული და ის მსოფლიოს თითქმის ყველა ვალუტის მიმართ მტკიცდება. საქართველოს მსგავსი სიტუაციაა მეზობელ ქვეყნებში. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმარტებაში, რუსეთში, თურქეთსა და უკრაინაშიც შესუსტებულია.