სამცხე-ჯავახეთში შიდა გზების მდგომარეობა მოსახლეობის მხოლოდ ცამეტ პროცენტს აკმაყოფილებს. პრობლემებია საკანალიზაციო სისტემისა და ნაგავსაყრელების მოწესრიგების კუთხით- ამას ის კვლევაც ადასტურებს, რომელიც გაერო-ს განვითარების პროგრამამ მოამზადა.
შიდა გზების მიმართ ყველაზე მეტი პრეტენზია სამცხე-ჯავახეთში აქვთ-ასეთი შედეგი აჩვენა კვლევამ, რომელიც გაერო-ს განვითარების პროგრამის დაკვეთით მომზადდა. კვლევის მიხედვით გზების კეთილმოწყობით კმაყოფილი რეგიონის მხოლოდ 13 პროცენტია. ყველაზე პოზიტიური მაჩვენებელი ამ მხრივ, თბილისშია. დოკუმენტის მიხედვით, შიდა გზებით კმაყოფილები არიან აჭარაშიც – აქ მოწონებლის მაჩვენებელი 66%-ია. მას იმერეთი მოსდევს – 45%-ით. დანარჩენ რეგიონებში შიდა გზების მიმართ მოსახლეობის კმაყოფილების დონე დაბალია. გზების გარდა საზოგადოებრივი მომსახურებებით მოსახლეობის კმაყოფილების დონის შემოწმება სხვა სფერობშიც მოხდა.
გაეროს განვითარების პროგრამის კვლევის მიხედვით აღმოჩნდა, რომ შიდა გზების მოწესრიგებასთან ერთად, მოსახლეობისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემა საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობაა, რომლით სარგებლობასაც რეგიონის მოსახლეობის მხოლოდ 33 პროცენტი ახერხებს. სამცხე–ჯავახეთში ნაგავსაყრელების პრობლემაზე ადგილობრივების 89 % საუბრობს.
ის, რომ შიდაგზებისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის პრობლემა ახალციხის მუნიციპალიტეტშიც დგას, ამაზე გამგებელიც საუბრობს. ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ თემის სოფლების უმრავლესობაში საკანალიზაციო სისტემა საერთოდ არ არის, შიდა გზები კი ამორტიზებულია. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი „მეცხრე არხთან“ იმ პროექტებზე საუბრობს, რომლის განხორციელებაც მიმდინარე და მომავალ წელს იგეგმება.
გაერო-ს განვითარების პროგრამის კვლევის მიხედვით- ადგილობრივ თვითთმართველობის მუშაობით კმაყოფილია მოსახლეობის 51 პროცენტი. ჯანდაცვის სისტემის მუშაობას დადებითად საზოგადოების მხოლოდ მესამედი აფასებს, სახანძრო და სამაშველი სამსახურები 22%-ისთვის აბსოლუტურად ხელმიუწვდომელია. “საზოგადოებრივი მომსახურებით საქართველოს მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევა“ პირისპირ ინტერვიუს ფორმატით ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, 3 400 რესპოდენტი გამოიკითხა. მსგავსი ანგარიშის მომზადება 2016 წლისთვისაცაა დაგეგმილი.