ასპინძის მუნიციპალიტეტში, ნიალის მთებში 33 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს. შემთხვევა 16 ნოემბერს ღამის საათებში მოხდა.
“მეცხრე არხთან” დაზარალებულები ჰყვებიან, რომ საძოვრიდან დაბრუნებული საქონელი დააბინავეს. დილით საქონლის სადგომის კარები დამტვრეული, 33 სული პირუტყვი კი მოპარული დახვდათ.
გიორგი ზაზაძის ინფორმაციით, მსხვილფეხა პირუტყვის კვალი თურქეთის ტერიტორიმდე მიდის, რაც მათ ქართველმა და თურქმა მესაზღვრეებმა დაუდასტურეს, თუმცა კონკრეტულად სად შეიძლება იყოს საქონელი, მათთვის უცნობია. მისივე თქმით პირუტყვი ოჯახის საკუთრება იყო.
შსს–ს ინფორმაციით გამოძიება სსსკ–ის 177–ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას, საქონლის საცავში ან სადგომში უკანონოდ შეღწევას გულისხმობს.
დაზარალებულები ამბობენ, რომ ნიალის მთებში მსხვილფეხა პირუტყვის მოპარვის ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა, თუმცა არცერთ მათგანზე დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებიათ. მათ შესაბამის ორგანოებს დახმარებისათვის უკვე მიმართეს.
ნიალა, საქართველო–თურქეთის საზღვრიდან, დაახლოებით, სამი კილომეტრით არის დაშორებული.
მსგავსი შემთხვევა მიმდინარე წლის აპრილის თვეშიც დაფიქსირდა. მაშინ საქართველო–თურქეთის საზღვრიდან 500 მეტრში 56 სული მსხვილფეხა პირუტყვი მოიპარეს, ფაქტზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.