ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, მუსლიმი მრევლის მიერ გამართული აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებსა და ადგილობრივებს შორის სიტყვიერმა შეურაცხყოფამ ფიზიკური დაპირისპირების სახე მიიღო. აქციის რამდენიმე მონაწილემ პოლიციის მანქანის მინა ჩაამტვრია, რის გამოც სამართალდამცავებმა დააკავეს და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
გარდა ამისა, მუსლიმი მოსახლეობა მედიას დაუპირისპირდა და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ისინი ჟურნალისტებს არაობიექტურობაში ადანაშაულებენ.
შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, თეიმურაზ კალანდაძე მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
შეგახსეებთ, რომ მოხეში არსებული შენობის დემონტაჟი დილიდან მიმდინარეობს, თუმცა სამუშაოების განხორციელებას მუსლიმი მრევლი აპროტესტებს და მშენებლობისათვის ხელის შეშლას ცდილობს. მოხეში იმყოფება რეგიონის გუბერნატორი და შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, თეიმურაზ კალანდაძე.
როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, “მეცხრე არხს” განუცხადა, იმის შესახებ, რომ სადავო შენობის ადგილზე ბიბლიოთეკა უნდა აშენდეს შეთანხმება უკვე მიღწეულია.
შენობასთან შეკრებილი მუსლიმი მრევლი კი ირწმუნება, რომ ისინი მანამდე არ დაიშლებიან, სანამ მშენებლობა არ შეწყდება და ობიექტი მათ არ გადაეცემათ.
მუსლიმი მრევლის პარალელურად, მოხის ცენტრში შეიკრიბა მართლმადიდებელი მოსახლეობაც. მათი თქმით, მუსლიმი მრევლის მხრიდან მშენებლობისათვის ხელის შეშლასა და შენობის მათთვის გადაცემას არ დაუშვებენ.
მოხეში სადაო შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟდა სპეცილაური აბრა, რომელიც იუწყება, რომ ადგილზე ბიბლიოთეკა აშენდება.