ტიხო კუბლაშვილი სამართალდამცველებმა სოფლიდან გაიყვანეს. მისი გაყვანა ისე მოხერხდა, რომ იგი ადგილობრივებს არ შეხვედრია, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობა მასთან შეხვედრას ითხოვდა.
ამ დროისათვის აქცია დასრულებულია და ადგილობრივები დაიშალნენ, თუმცა ადგილზე პოლიცია ისევ რჩება.
გარდაცვლილი ახალგაზრდების ახლობლები ირწმუნებიან, რომ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრებს სოფელში არასოდეს შემოუშვებენ. ისინი ასევე აპროტესტებენ იმასაც, რომ გადარჩენილი ბექა სირბილაძის ჩვენებას სამართალდამცველები არ ითვალისწინებენ, რადგან ამბობენ, რომ იგი მოკლულის ძმაა. ამიტომ, ისინი პროკურატურას არაობიექტურობაში ადანაშაულებენ. გარდაცვლილების ოჯახის წევრები დახმარებას მთავრობისგან ითხოვენ.
რაც შეეხება ბაჩო სირბილაძის მამას, იგი ადიგენის საავადმყოფოშია გადაყვანილი. კუბლაშვილების საცხოვრებელში შესვლის მცდელობისას იგი ცუდად გახდა, რის გამოც ყარათუბანში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
დავით კუბლაშვილის მამა სოფელში წუხელ გვიან ღამით დაბრუნდა. ყარათუბანში მის ჩასვლად მოსახლეობა დილის 07:00 საათიდან აპროტესტებდა.