ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბანში დავით კუბლაშვილის მამის სოფელში დაბრუნებას აპროტესტებენ.
მოკლული სამი ახალგაზრდის ოჯახის წევრები და ნათესავები, სოფლის ცენტრში არიან შეკრებილები და კუბლაშვილის მამის ტიხო კუბლაშვილის სოფლიდან წასვლას მოითხოვენ.
როგორც “მეცხრე არხთან” სოფლის რწმუნებულმა გიორგი სოფრომაძემ განაცხადა, მკვლელობაში ბრალდებულის მამა ყარათუბნის დატოვებაზე უარს აცხადებს. მისივე თქმით, სოფელში, ამ დროისათვის, 60–მდე ადამიანია შეკრებილი, ისინი დაშლას არ აპირებენ იქამდე, მანამ ტიხო კუბლაშვილი სოფელს არ დატოვებს.
სამი ახალგაზრდის მკველეობაში ბრალდებული დავით კუბლაშვილის მამა, სოფელ ყარათუბანში წუხელ გვიან ღამით დაბრუნდა, მოსახლეობა კი სოფელში დილის 7:00 საათიდან შეიკრიბა, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ ტიხო კუბლაშვილი ყარათუბანში იყო.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათუბანში, 28 აგვისტოს საღამოს მკვლელობა მოხდა. ბრალდებულის შვილთან შელპარაკება ტრაგედიით დასრულდა.
სამი ახალგაზრდა ვაჟა ნარიმანიშვილი, გიორგი სირბილაძე და ბორის სირბილაძე, დავით კუბლაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. ხოლო ერთი მათგანი – ბექა სირბილაძე ფეხისა და გულ–მკერდის არეში დაჭრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს, მისი ოჯახი კი იმავე ღამეს სოფლიდან გაიყვანეს.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
დავით კუბლაშვილს აღმკვეთი ღონისძიებით პატიმრობა შეეფარდა.