ახალციხეში მდებარე ახმედიეს მეჩეთს შესაძლოა პირვანდელი სახე დაუბრუნდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით 12 სექტემბერს საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრა შედგა . თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპრტამენტის ხელმძღვანელმა მეჰმედ გორმიზმა და საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქიმა ილია მეორემ რიგ საკითხებთან ერთად ახალციხეში მდებარე ახმედიეს მეჩეთის რეაბილიტაციის საკითხიც განიხილეს. მეჰმედ გორმიზმა იმედი გამოთქვა, რომ მეჩეთის რეაბილიტაცია მოხდება, რა დროსაც მისი პირვანდელი სახე აღდგენილი იქნება.
“თქვენ თურქეთში ყოფნის დროს მოინახულეთ ოშკის და იშხნის ტაძრები, რომლებსაც რესტავრაცია უტარდება. გამოვთქვამ რწმენას, რომ როგორც ორმა ქვეყანამ ამ ძეგლებთან დაკავშირებით მოახერხა შეთანხმება და ასევე მოხდება ახალციხეში არსებული ახმედიეს მეჩეთის აღდგენა და აზიზიეს მეჩეთის მშენებლობა. და ორივე მათგანის სამუშაოების დროს აღდგენილი იქნება მისი პირვანდელი სახე” – მიმართა პატრიარქს მეჰმედ გორმიზმა.
საქართველო კათოლიკოს პატრიარქმა თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპრტამენტის ხელმძღვანელთან შეხვედრისას თურქეთში ქართული ეკლესიებისთვის იურიდიული სტატუსის მინიჭებისა და ისტორიულად ქართულ ეკლესია–მონასტრებში წირვა–ლოცვის აღდგენის საკითხი დააყენა.
ილია მეორეს თქმით, საქართველოში 300–ზე მეტი მეჩეთი ფუნქციონირებს, თურქეთში კი არცერთი მოქმედი ქართული ტაძარი არ არის. როგორც პატრიარქი ამბობს, თურქეთში ყველა ქრისტიანულ ეკლესიას, კერძოდ ბერძნულს, სომხურსა და რუსულს იურიდიული სტატუსი აქვს, თუმცა ქართულს არა.
თავის მხრივ მეჰმედ გორმიზმა განაცხადა, რომ თურქული მხარე პატრიარქის მიერ შეთავაზებულ ყველა წინადადებას განიხილავს. თურქეთის რელიგიურ საქმეთა დეპრტამენტის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ ორი ქვეყანა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენის საკითხებში შემდგომ თანამშრომლობას მოახერხებს.