ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში აქცია ხმაურით დასრულდა. აქციის მონაწილესა და ადგილობრივ მკვიდრს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა მას შემდეგ, როდესაც მუსლიმმა მოსახლეობამ სოფელში მდებარე მეჩეთის რესტავრაცია მოითხოვა.
სოფელ მოხის მკვიდრნი ამბობენ, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას, მეჩეთის ნაცვლად კულტურის დაწესებულების გაკეთება სურს და მუსლიმმა მოსახლეობამ ამაში ხელი არ უნდა შეუშალოს.
ია თინიკაშვილის ფოტო
მუნიციპალიტეტის სხვადსხვა სოფლებიდან შეკრებილმა მუსლიმმა მოსახლეობამ 10 სექტემბერს ქობულეთში მუსლიმთა პანსიონში მომხდარი ფაქტი გააპროტესტეს და ხელისუფლებისაგან მასში მონაწილეთა მკაცრად დასჯა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლისას გასულ წელს სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟზეც ისაუბრეს და აღნიშნულ მოვლენებში სახელმწიფო დაადანაშაულეს.
სოფელ მოხის ცენტრში დღეს 100–მდე მუსლიმი მოსახლეობა იყო შეკრებილი.