ახალციხეში „ქართული ოცნება“ სამ შენობაშია განლაგებული. აქედან ორი კოსტავას ქუჩაზე მდებარეობს, ერთი– რუსთაველის ქუჩაზე.
ერთ ოფისში ახალციხე–ადიგენის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის შტაბია, მეორე შენობაში ახალციხის მერობის კანდიდატის, ხოლო მესამეში, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე მდებარეობს, ცენტრალური შტაბი ფუნქციონირებს. ვლადიმერ ზედგინიძე, რომელიც ქალაქის პირველი პირის თანამდებობაზე კენჭს „ქართული ოცნებიდან“ იყრის, აცხადებს, რომ კანდიდატები ერთ ოფისში მუშაობის შემთხვევაში ერთმანეთს ხელს შეუშლიდნენ.
ახალციხისა და ადიგენის გაერთიანებულ ოლქში „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ მმართველ ძალას აქვს ფინანსური რესურსი, რომლის ხარჯვასაც პარტია არ ერიდება. შესაბამისად, მათ გარანტირებულად აქვთ ამორჩევლის იმდენი ხმა, რამდენიც პარტიულ ოფისებშია დასაქმებული.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ახალციხეში ერთი პარტიული ოფისი აქვს. რაიონული ორგანიზაცია ერთ შენობაში ფუნქციონირებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც. ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დროს სახელისუფლებო რესურსის არნახული გამოყენება ხდება. ვაჟა ჩიტაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამით მმართველი ძალა ამომრჩევლების გულის მოგებას ცდილობს.
კითხვაზე რამდენი ოფისი შეიძლება ჰქონდეს, ახალციხეში პარტიას, ადგილობრივები გვპასუხობენ, რომ პოლიტიკურმა ძალამ საქმიანობისთვის ერთი შენობა უნდა გამოიყენოს. „ქართული ოცნების“ ხსენებისას კი მოქალაქეები პირვანდელ პასუხს ცვლიან.
ერთი პოლიტიკური პარტიის სამი ოფისი ახალციხეში წელს პირველად გაიხსნა. რამდენ შენობაში გააგრძელებს „ქართული ოცნება“ მუშაობას 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უცნობია.
ავტორები: თიკო კურტანიძე, რამაზ ალავიძე.