ადიგენის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს სიმონ პარუნაშვილსა და რატი ტატალაშვილს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დაუკმაყოფილა. მოსამართლე შალვა მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, მთავრობამ მათ მიყენებული ზიანი უნდა აუნაზღაუროს.
სახელმწიფომ თითოეულს 5 000 – 5 000 ლარი მორალური ზიანისთვის და 1 000 – 1 000 ლარი გზის ხარჯებისთვის უნდა გადაუხადოს. გარდა ამისა, მთავრობას სიმონ პარუნაშვილისთვის ადვოკატის მომსახურება 8 000 ლარის ოდენობით დაეკისრა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა რატი ტატალაშვილის კიდევ ერთი მოთხოვნა, გამგებლის ყოფილი მოადგილე სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, საბანკო ვალდებულებების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. იგი მოსამართლის გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.
შეგახსენებთ, რომ ადიგენის გამგეობის ყოფილ თანამშრომლებს სიმონ პარუნაშვილს, რატი ტატალაშვილსა და ჯემალ იაკობაძეს ბრალი, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და გულგრილობაში ედებოდათ. სამივე ინსტანციამ ისინი უდანაშაულოდ ცნო. ამის შემდეგ მათ განაცდურის ანაზღაურება მოითხოვეს, რაზეც ადიგენის თვითმმართველობისგან უარი მიიღეს. გასაჩივრების შემდეგ, ახალციხის რაიონულმა სასამართლომ პარუნაშვილი–ტატალაშვილი–იაკობიძას მოთხოვნა დააკმაყოფილა. თუმცა განაცდურის თანხა მათ ამ დრომდე არ მიუღიათ.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.