ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმისა და მკვლელობის საქმეზე ახალციხის რაიონულმა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა. მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა ექვსი ბრალდებულიდან მხოლოდ ერთი – დარიკო შავაძე გაამართლა.
ბრალდებულებიდან ყველაზე ნაკლები – 9 წელი ქეთევან ხმალაძეს ყაჩაღობაში დახმარებისთვის მიესაჯა. ივანე გელაშვილს, რომელმაც ბრალი აღიარა – 11 წელი, ხოლო დანარჩენ სამ პირს 11 წელი და ექვსი თვე შეეფარდა.
მკვლელობის ეპიზოდში მოსამართლემ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა ბრალდებულ თემურ ბერიძეს და მას ბრალი მხოლოდ ყაჩაღობაში დასდო.
გაასაჩივრებენ თუ არა მხარეები განაჩენს, ამ ეტაპზე უცნობია.
ნინოწმინდაში მომხდარი ყაჩაღური თავდასხმისა და სონიკ სააკიანის მკვლელობის საქმეზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში სხდომები 10 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 13 იანვარს, ღამით, ბრალდებულები ნინოწმინდაში ერთ–ერთ ოჯახში ფულის გატაცემის მიზნით შეიჭრნენ. წინააღმდეგობის გაწევისას 78 წლის ქალი დანით მიყენებული ჭრილობით ადგილზე გარდაიცვალა.
პროკურატურის ინფორმაციით, თავდასხმა ტყემლანის მკვიდრის ქეთევან ხმალაძის სახლში დაიგეგმა.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.