ახალი მოწვევის საკრებულომ ადიგენის მუნიციპალიტეტში 19 ტერიტორიული ორგანო დაამტკიცა. ამ დრომდე მუნიციპალიტეტში 15 ტერიტორიული გაერთიანება იყო. საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, ვარხნის ტერიტორიული ორგანო 2 ნაწილად გაიყო – ვარხნისა და წახნის, ჭეჭლის ტერიტორიული ორგანო –ჭეჭლისა და ღორთუბნის, ბენარის ტერიტორიული ორგანო – ბენარისა და ხევაშნის ტერიტორიულ ერთეულებად.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს ასევე, ჰქონდათ ინიციატივა, მლაშის ტერიტორიული ორგანოც გაყოფილიყო, თუმცა საკითხი საკრებულოს სხდომაზე არ გავიდა.
ახალი მოწვევის საკრებულოს სხდომაზე მეორე საკითხად მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილისათვის ავტომობილის შესყიდვა განიხილეს, რომელიც ასევე, ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა.
“ქრისტიან–კონსერვატიული ფრაქციის” თავმჯდომარე რატი ტატალაშვილი “მეცხრე არხთან” აცხადებს, რომ ავტომობილის შეძენის საკითხს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ადიგენის საკრებულოში მხარი არ დაუჭირეს და ამასთან დაკავშირებით პროტესტიც გამოთქვეს. მისივე თქმით, ახალი ავტომობილის შეძენის საჭიროება არ არსებობს, რადგან წინა ხელისუფლება არსებულ რესურსს აქტიურად იყენებდა.
ავტომობილი, რომლის შეძენასაც ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილისათვის იგეგმება, დაახლოებით, 20 000 ლარი ჯდება.
წყარო: https://www.facebook.com/pages/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98adigeni/411320402266947?fref=photo