ხმაური ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთ–ერთმა დეპუტატმა ციხეზე დადგენილი სამუშაო დრო გააპროტესტა.
კობა გელაშვილის აზრით, ახალციხის ციხე ყოველდღიურად ტურისტსა და შესაბამისად თანხას მხოლოდ იმიტომ კარგავს, რომ სამუშაო დღე ტურისტულ ობიექტზე საღამოს 7 საათზე სრულდება.
საკრებულოს სხდომაზე საგამოფენო სისტემის მოწესრიგების ნაწილში დახმარება სამცხე–ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის მენეჯერმაც ითხოვა. ციური ლაფაჩი ამბობს, რომ ყველა ექსპონატის გამოფენას დარბაზების სიმცირის გამო მუზეუმი ვერ ახერხებს.
სხდომაზე გაირკვა ისიც, რომ ახალციხის ციხეზე საერთაშორისო ორგანიზაციების – ბიპისა და ვირნოკის დახმარებით ენერგოეფექტური განათება დამონტაჟდება. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, ციხის სუბსიდირების საკითხი მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვის დროს გადაწყდება.
ციხეზე არსებული პრობლემების მოგვარება, მისი, როგორც ტურისტული ობიექტის კიდევ უფრო პოპულარიზაცია და შიდა რესურსების ეფექტურად გამოყენება, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება – ვიზიტორთა ზრდა ციხის ხელმძღვანელის აზრით უმნიშვნელოვანესია.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე სამი საკითხი განიხილეს – ახალციხის ციხის ანგარიში 1 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ, დებულებაში ცვლილებების შეტანა და ახალი მისამართი ქალაქისა და მერიისთვის.