სოფელ გურკელში კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებრლი ცენტრი გაიხსნა, რომელსაც ადგილობრივი, რუსლან ჩუტკერაშვილი უხელმძღვანელებს.
მისი თქმით, ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ განხორციელებულმა პროექტმა საშუალება მისცა, საკუთარი თავის რეალიზაცია მოეხდინა. გარდა ამისა, უკვე შუძლია ცოდნა სხვებსაც გაუზიაროს. ამ სამსახურისთვის რუსლანი ახალციხის ახალგაზრდულ ცენტრში გადაამზადეს.
გურკელის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „იმედის“ მოსწავლეებმა პროექტის სახელწოდებით ,,მეგობრობა გზად და ხიდად“ დაფინანსება მოიპოვეს, რომლიც მიზნად სპეციალური საჭიროების მქონე პირების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათზე მზრუნველი ადამიანების მხარდაჭერას ისახავს. პროექტი სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობის“ ფარგლებში განხორციელდა.
რუსლან ჩუტკერაშვილმა ცხრა წლის წინ სიმაღლიდან ვარდნის შედეგად, ხერხემლის მძიმე დაზიანება მიიღო. მას ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია დაჭირდა. პირველი ოპერაციის ხარჯები ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ დააფინანსა. განმეორებითი ოპერაცია რუსლანს წელსაც ესაჭიროება, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება მას ვერ ეხმარება, რადგან მას სოციალურად დაუცველის სტატუსი მოეხსნა.
რუსლან ჩუტკერაშვილს განმეორებითი ოპერაციისთვის 6 000 ლარი სჭირდება. გამგეობა შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, მხოლოდ 2 000 ლარით დააფინანსებს. ახალციხის ახალგაზრდულმა ცენტრმა რუსლანის დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია დაიწყო.
ავტორები: ირაკლი ბახტურიძე, ნანა ინასარიძე