ბორჯომში
იუსტიციის სახლი აშენდება. ამასთან დაკავშირებით იუსტიციის
მინისტრმა „ქართული ოცნების“ ადგილობრივ მაჟორიტარ დეპუტატ
გედევან ფოფხაძესთან ერთად ის სამი სავარაუდო ტერიტორია
მოინახულა, სადაც სამომავლოდ იუსტიციის სახლი აშენდება.
„დღეს ჩვენ ვეწვიეთ ბორჯომის რაიონს, რადგან აქ არის
ერთ-ერთი არასახარბიელო მდგომარეობა იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ებთან
მიმართებაში, რომლებსაც თავად უწევთ არაკომფორტულ პირობებში მუშაობა
და, შესაბამისად, ბორჯომელებსაც არ აქვთ ხელმისაწვდომობა ნორმალურ
პირობებში ერთი ფანჯრის პრინციპით სახელმწიფო სერვისებზე. ჩვენ
ვაგრძელებთ ჩვენი პირობის შესრულებას, რომ ყველა მოქალაქეს
საქართველოში უნდა ჰყავდეს სახელმწიფო მის გვერდით და სახელმწიფო
სერვისები უნდა იყოს ყველა რაიონში ერთი ფანჯრის პრინციპით
ხელმისაწვდომი. ჩვენ დავათვალიერეთ რამდენიმე ადგილი
იმისათვის, რომ შევარჩიოთ საუკეთესო, ხელმისაწვდომი ადგილი
მოქალაქეებისათვის, რათა წლის განმავლობაში უკვე საფუძველი ჩავუყაროთ
ბორჯომის იუსტიციის სახლის მშენებლობას“, − განაცხადა
მინისტრმა.
თეა წულუკიანმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბორჯომის
ოფისებიც შემოიარა.
იგი ბორჯომის სახელმწიფო სერვისების განვითარების
სააგენტოს, საჯარო და სამოქალაქო რეესტრის, აღსრულების
ეროვნული ბიუროს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის,
ასევე, ნოტარიუსთა პალატის მუშაობას ადგილზე გაეცნო.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ადგილზე
შეისწავლა ის პრობლემები, რომლებიც რეგიონული ოფისების
მუშაობას აფერხებს.
თეა წულუკიანი გაესაუბრა იუსტიციის სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ-ების ბორჯომის
ოფისების თანამშრომლებს და მათგან მოისმინა იმ საჭიროებების
შესახებ, რაც ოფისების ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია.