“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებო ბრიფინგი გამართა. გელა დემეტრაძემ მედიას განუცხადა, რომ სოფლებში წირასა და კლდეში ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები დააფიქსირეს. მისივე თქმით, აღნიშნულ სოფლებში ორი დღეა ტრაქტორი მუშაობს, თუმცა აღნიშნულ სამუშაოებზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობაში არც ტენდერია გამოცხადებული და არც რომელიმე პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ სამუშაოების ჩატარება წინასაარჩევნოდ გამიზნულად ხდება.
ამასვე ადასტურებს “ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის” წარმომადგენელი ახალციხეში. ონისე გაჩეჩილაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მათაც მიიღეს. როგორც პარტიის შტაბის ხელმძღვანელი “მეცხრე არხთან” აცხადებს, სოფლებში პრობლემები ადრეც იყო და წინასაარჩენოდ მისი მოგვარება სხვა არაფერია თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობა.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში კი განმარტავენ, რომ აღნიშნულ სოფლებში გადაუდებელი სამუშაოები იყო ჩასატარებელი და მოსახლეობის თხოვნით გზების გასწვრივ სანიაღვრე არხები კეთდება, რადგან მოსალოდნელი სტიქიის შედეგები თავიდან იქნეს აცილებული. გამგეობაში აცხადებენ, რომ სამუშაოების ჩატარებას არჩევნებთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეს მხოლოდ აუცილებლობიდან გამომდინარეობს.