ზარზმელის ქუჩამდე მისასვლელ აღმართს ვალერი სილოგავას სახელი მიენიჭება – ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგ სხდომაზე მიიღო. სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მერაბ ბერიძის მიერ წარდგენელ ინიციატივას დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვალერი სილოგავა ახალციხის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში წლების განმავლობაში მუშაობდა.
უნივერსიტეტის რექტორის მიერ წარდგენილ ინიციატივაში, ასევე საუბარი იყო 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე ერთ–ერთი სკვერისათვის ქართველი მეცნიერის ევგენი ხარაძის სახელის მინიჭებაზეც. თუმცა, როგორც საკრებულოში განმარტავენ, აღნიშნული სკვერი მუნიციპალიტეტის ბალანსზე არ არის და მისთვის სახელის მინიჭება შეუძლებელია.
საკრებულოს სხდომა დღეს გაიმართა, სადაც დეპუტატებმა სხვადასხვა საკითხები განიხილეს.