“ინტენსიური ზეწოლის შედეგად, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭიშვილი ახორციელებდა, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს მაჟორიტარობის კანდიდატმა რამაზ მერაბიშვილმა 22 მაისს კანდიდატურა მოხსნა“–ამის შესახებ განცხადება,”ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ, დღეს სპეციალური ბრიფინგზე გააკეთა, სადაც მან ქვეყნის სხვადსხვა რეგიონებში, პარტიის წარმომადგენლების მიმართ ზეწოლებზე ისაუბრა.
დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში პოლიცია და სუს-ი ზეწოლას ქ. ახალციხეში მაჟორიტარობის კანდიდატ მალხაზ ივანიძეზე ახორციელებდა. ივანიძის სახლში 15 პოლიციელი და სუს-ის თანამშრომლები მივიდნენ, რომლებიც მისი ოჯახის დაშინებას ახდენდნენ. ზეწოლის შედეგად 21 მაისს კანდიდატურა მალხაზ ივანიძემაც მოხსნა.
აღნიშნული ფაქტის შესახებ სპეციალური განცხადება, ნაციონალური
მოძრაობიდან ახალციხის მერობის კანდიდატმა გელა დემეტრაძემაც
გააკეთა, თუმცა თავად ყოფილ მაჟორიტარობის კანდიდატს მალხაზ ივანიძეს
“მეცხრე არხი” ვერ დაუკავშირდა.
წინა საარჩევნო ზეწოლებთან დაკავშირებით, ახალციხისა და
ადიგენის გარდა დავით ბაქრაძემ სხვა მუნიციპალიტეტებზეც
ისაუბრა.
“ზეწოლას ხელისუფლება ხშირად მიმართავს იმ რაიონებში, სადაც „ქართული ოცნების“ შეუსრულებული დაპირებებით და მთავრობის უუნარობით იმედგაცრუება განსაკუთრებით ძლიერია და სადაც ჩვენს პარტიას გამარჯვების რეალური შანსი აქვს. ზეწოლას, რომელიც ხშირად ხორციელდება სრულიად ღიად, ვერ გაუძლო რამდენიმე კანდიდატმა და უკვე გამოეთიშა არჩევნებს. ამგვარ თავზეხელაღებულ ქმედებებზე გადასვლა ხელისუფლების სისუსტის უტყუარი გამოვლინებაა. მისი გაგრძელება სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას. ზეწოლის დროს ხშირად გამოიყენება შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უშიშროების სამსახური და მასში ჩართულნი არიან უმაღლესი თანამდებობის პირები“– განაცხადა დავით ბაქრაძემ ბრიფინგზე.