ხე–ტყის უკანონოდ ჭრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამცხე–ჯავახეთში დაფიქსირდა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აქ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 142 ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გამოვლინდა. აპრილის თვეში, ადიგენისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში ერთდროულად 3 უკანონო ხის გადამამუშავებელი საამქრო დაილუქა. დახურული სახერხები ტექნიკურ რეგლამენტს ვერ აკმაყოფილებდნენ, გარდა ამისა, კანონი ტყისა და მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე საამქროს არსებობას კრძალავს. რა სახის დანაშაულია ჩადენილი და რა ელით უკანონო სამქროების მფლობელებს, ამაზე ადიგენსა და ბორჯომში მოკვლევა მიმდინარეობს, რომლის შედეგები ცნობილი რამდენიმე დღეში გახდება.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ხე–ტყის უკანონოდ ჭრის სულ 906 შემთხვევა დაფიქსირდა. გარემოს დაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ მსგავსი ტიპის დანაშაულთან საბრძოლველად უწყებაში კიდევ ერთი დეპარტამენტი შეიქმნა.