არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარემ „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენლებთან ერთად, ადიგენის სოფლებში საჯარო ლექციები ჩაატარა.
მოხისა და ჭელის მოსახლეობამ, საკანონმდებლო სიახლეების შესახებ ინფორმაცია და სამართლებრივი კონსულტაცია ადგილზე მიიღეს. გარდა ამისა, განიხილეს ადგილობრივი პრობლემებიც.
“თუ მოსახლეობა თვლის რომ მათი უფლებები ირღვევა და რაიმე ნიშნით დისკრიმინაციას აქვს ადგილი, შეუძლიათ “დემოკრატ-მესხთა კავშირის” იურისტებს მიმართონ” – განმარტავს ადვოკატი იოსებ ხითარიშვილი. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს შესაბამისი ინფორმაციის შემცველი ბუკლეტები დაურიგეს.
ჭელისა და მოხის მოსახლეობამ იურიდიული კონსულტაციის გაწევა, ძირითადად, მიწის რეგისტრაციის საკითხებში ითხოვა. ასევე, ისაუბრეს სარწმუნოების მხრივ აარსებულ დისკრიმინაციაზე.
პროექტი სახელწოდებით, „უმცირესობების უფლებების გაუმჯობესება სტრატეგიული სამართალწარმოების გზით“, ორ კომპონენტს მოიცავს. იგი სხვადასხვა ჯგუფის თანასწორობის საკითხების უკეთ უზრუნველყოფასა და მოსახლეობისათვის კონსულტაციის გაწევას გულისხმობს.
პროექტს „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი “ USAID-ის დაფინანსებითა და „დემოკრატ მესხთა კავშირის“ პარტნიორობით ახორციელებს.
ავტორები: თიკო კურტანიძე, ნანა ინასარიძე.