დღევანდელი აქციის
შესახებ ,,მეცხრე არხთან” კომენტარი ,,ნაციონალური მოძრაობის”
ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გააკეთა. იგი პარტიის ახალციხის
შტაბში გოკა გაბაშვილთან, მიხეილ მაჭავარიანთან და უმცირესობის სხვა
წარმომადგენლებთან ერთად პარტიულ შეხვედრას მართავდა. გიგი უგულავამ
დღევანდელ აქციას ტაკიმასხარაობა უწოდა და თეატრალიზებულ
წარმოდგენად შეაფასა. ,, იმის მაგივრად, რომ
,,ქართულმა ოცნებამ” იმ პრობლემების მოგვარებაზე იზრუნოს, რაც
წელიწადნახევრის განმავლობაში უხვად დააგროვა ივანიშვილისა და
ღარიბაშვილის მთავრობამ , დაკავებულია სწორედ ასეთი
ტაკიმასხარაობით. ჩვენ რომ მოვდიოდით , ,,ქართული
ოცნების” ოფისთან გროვდებოდა ხალხი . ეხლა ვითომ
,,საზოგადოებას” წარმოადგენენ, მოვიდნენ და აქციას
მართავენ”–განაცხადა გიგი უგულავამ.
მისი თქმით, აღნიშნული ქმედებით
,,ქართული ოცნება” ცდილობს წინასაარჩევნოდ სხვა პარტიებს
ხელი შეუშალოს მუშაობაში. ,, მე მინდა ვუთხრა
ღარიბაშვილს, ის შეიძლება ვირტუალური ,,ჰაკიმ ფაშა” იყოს ინტერნეტ
სამყაროში, წარმოიდგინოს თავისთავი ფაშად, მაგრამ საქართველოში ფაშა
არავინ არ იქნება. ეს ყველაფერი რაც ახლა ხდება რათქმაუნდა არის
დადგმული, მიზნად ისახავს, რომ ხელი შეუშალოს სხვა პარტიებს, ამ
შემთხვევაში ერთადერთ რეალურ კონკურენტს ,,ნაციონალურ
მოძრაობას”. ეს ყველაფერი ჩვენ
გვაძლიერებს, მეტ მოტივაციას გვაძლევს, იმისათვის რომ ვიბრძოლოთ და ეს
თავს მოხვეული შავი ჭირი ჩამოვაშოროთ ქვეყანას.”
–განაცხადა გიგი
უგულავამ. შეგახსენებთ, რომ
,,ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის ოფისთან აქცია ერთი საათის წინ
გაიმართა. მონაწილეებმა ,,ნაციონალური მოძრაობის”
ლიდერები შეძახილებით გააცილეს და ავტომანქანას
პოლიეთილენის ბოთლები ესროლეს. წასვლისას გიგი უგულავამ
შეკრებილებს ხარების დღესასწაული მიულოცა და ,,ჰაკიმ ფაშასთან”
მოკითხვა” დაიბარა.