ახალქალაქის რაიონული სამმართველოს უფროსი შალვა ლომსაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია. მისი ადგილი ნიკოლოზ ხუციშვილმა დაიკავა.
1983 წელს დაბადებულ ნიკოლოზ ხუციშვილს, მანამდე სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის პოზიცია ეკავა.
რაც შეეხება შალვა ლომსაძეს, მისი გათავისუფლება, სოფელ ხანდოში განხორციელებული დაკავებების შემდეგ მოხდა, რა დროსაც ადგილობრივები სამმარტველოს ყოფილ უფროსსა და მის ქვეშევრდომებს ზეწოლასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდნენ. ხანდოს მაცხოვრებლები ირწმუნებოდნენ, რომ სამართალდამცველები მათგან 78 წლის ქალის მკვლელობის აღიარებას მოითხოვდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში როტაცია მიმდინარეობს, შესაბამისად, ახალქალაქში დაინიშნა ახალი უფროსი.
“ლომსაძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება არ უკავშირდება ხანდოში მომხდარი მკვლელობის საქმეზე განხორციელებულ დაკითხვებს”– განმარტავენ შსს–ში.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ხანდოში, 78 წლის ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი, მეზობლებმა 28 აგვისტოს იპოვეს. ახლობლების თავდაპირველი ვარაუდით, მარტოხელა ქალს წნევამ დაარტყა, თუმცა დაკრძალვის დღეს, ყელისა და გულის არეში ჭრილობა შეამჩნიეს. ამის შემდეგ, ადგილობრივების თქმით, ისინი დაკითხვაზე თითქმის ყოველდღიურად მიჰყავდათ და ახალქალაქის რაიონული სამმართელოს პირველი პირები, მკვლელობის აღიარების მიზნით, მათზე ძალადობდნენ.
სამართალდამცველების მხრიდან ძალადობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს შსს–ში არ ადასტურებენ.
თიკო კურტანიძე