რამდენიმე წუთის წინ, ადიგენის მუნიციპალიტეტის დეპუტატმა ზურაბ ჩილინგარაშვილმა რევაზ მამადაშვილის ფოტო, საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა. რომელიც მისივე განცხადებით, 4 აპრილს 13: 34 წუთზე, ახალციხის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული.
“პროკურორი, რევაზ მამადაშვილი, 2014 წელი 4 აპრილი, 13 საათი და 34 წთ. ახალციხის პარკის მიმდებარე ტერიტორია, არა და ზუსტად 15 წთ წინ არ გამოცხადდა სასამართლოზე იმიტომ , რომ თბილისშიაო. ტყუილების კასკადი მამადაშვილისგან“–წერს ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი.
რევაზ მამადაშვილი ადიგენის ყოფილი გამგებლის სიმონ პარუნაშვილის სასამართლო პროცესზე მბრალდებელ მხარეს წარმოადგენს, რომელიც უკვე მეორედ, სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წასაკითხად არ გამოცხადდა იმ მიზეზით, რომ ქალაქში არ იმყოფება.
დღეს, 13:00 საათზე სიმონ პარუნაშვილის პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო, რადგან სხდომაზე ისევ ახალი პროკურორი გამოცხადდა, რომელმაც განმარტა, რომ საქმის მასალებს არ იცნობს და დასკვნით სიტყვის მოსამზადებლად დრო სჭირდება. აღნიშნული მიზეზის გამო, ადიგენის ყოფილი გამგებლის პროცესი 16 აპრილამდე გადაიდო.