ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დღეს
ბრიფინგს მართავს. “მეცხრე არხის” ინფორმაციით, ოლეგ სანდროშვილი
საფინანსო პოლიციას ზეწოლაში დაადანაშაულებს. ბრიფინგი რამდენიმე
წუთში დაიწყება. საქმე ეხება ასპინძის ქუჩის #28 კორპუსის
გადახურვას. ოლეგ სანდროშვილის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის
გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სპეციალისტი რევაზ
მერაბიშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურმა დაკითხა, რა დროსაც მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა
განახორციელა. საფინანსო პოლიცია მერაბიშვილს აიძულებდა, რომ
საკრებულოს თავმჯდომარის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა.
” 2014 წლის 27 მარტს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის სამცხე–ჯავახეთის სამმართველოში დაიბარეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ზედამხვედველობის და გამწვანების სამსახურის სპეციალისტები: კერძოს რევაზ მერაბიშვილი, გიორგი ქასრაშვილი, ბესარიონ მიქელაძე და ემზარ მღებრიშვილი. აღნიშნული პიროვნებებიდან მხოლოდ ორს გიორგი ქასრაშვილსა და რევაზ მერაბიშვილს ჩამოერთვათ წერილობითი ჩვენებები ახალციხის ასპინძის ქუჩის 28 ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. საქმეზე სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, მერაბიშვილზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა. კერძოდ, თითქოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ზეწოლას ახორციელებდა აღნიშნულ თანამშრომლებზე, იმ მიზნით, რათა მომხდარიყო მიღება ჩაბარებაზე ხელის მოწერა, რის შემდეგაც შპს–ს შესრულებული სამუშაოს თანხა ჩაერიცხებოდა. აღნიშნულის შესახებ რეზო მერაბიშვილმა აღიარა, რომელმაც გააკეთა შესაბამისი განცხადება იმის თაობაზე, რომ მას აიძულეს ოლეგ სანდროშვილის წინააღმდეგ უკანონო ჩვენება მიეცა”
საკრებულოში განმარტავენ, რომ აღნიშნული მიზნად ოლეგ სანდროშვილის მიმართ უკანონო ქმედებას და მის საქმიანობაში ხელის შეშლას ისახავდა,რაც ასევე ამას, ადასტურებს მიმდინარე წელს საკრებულოს წევრებზე განხორციელებული მიზანმიმართული ზეწოლა, რათა განეხორციელებინათ საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ იმპიჩმენტის პრეცედურა და ჩამოეცილებინათ თანამდებობიდან უკანონო მეთოდებით.
ოლეგ სანდროშვილმა ჯერ კიდევ 27 მარტს “მეცხრე არხის” ეთერის საშუალებით, თოქშოუ “დიალოგში” ივარაუდა, რომ მის წინააღმდეგ ქმედებების მალე დაიწყებოდა.
“ეს შეიძლება იყოს ვიღაცის მიერ გათვლილი მომენტი, ის რომ გარკვეულწილად ვიღაცას უნდა ამ წინასაარჩევნოდ კადიდატის “ჩაჩოჩება” ასე ვთქვათ, მაგრამ დამერწმუნეთ ეს ფაქტი უფრო გამოდგება სულ ცოტა ხანში უფრო დიდ რეკლამად. სულ ცოტა ხანში გაიგებთ თქვენ კიდევ სხვა თანამდებობის პირების მიმართ, თუნდაც ჩემს თავსაც აღვნიშნავ, გარკვეულწილად რაღაც–რაღაც საჩივრებს და ისეთ განცხადებებს, რომელზეც შეიძლება საზოგადოება მართლა გაკვირვებული დარჩეს. ეს არის არჩევნების თანამდევი პროცესი, რომ შენი მოწინააღმდეგე ყველა ხერხით ჩაძირო. არც იმას გამოვრიცხავ, რომ რადგან ბესიკ ბლიაძის მიმართ აგორდა ამხელა ტალღა, არ გამოვრიცხავ რომ ჩემს მიმართაც აგორდეს” – განაცხადა ოლეგ სანდორშვილმა 27 მარტს თოქშოუ “დიალოგში”
განვითარებული მოვლენების შესახებ “მეცხრე არხი” ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.