ამ წუთებში ახალციხის ადმინისტრაციულ შენობაში თათბირი მიმდინარეობს. როგორც „მეცხრე არხის“ კორესპონდენტი იტყობინება, ახალციხის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილი გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და სხვა თანამშრომლები ოლეგ სანდროშვილის კაბინეტში დახურულ შეხვედრას მართავენ. ადმინისტრაციაში ამ დრომდე იმყოფებოდა სახელმწიფო რწმუნებული რეგიონში აკაკი მაჭუტაძე, რომელმაც შენობა კომენტარის გარეშე რამდენიმე წუთის წინ დატოვა .
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელს პროკურატურა დოკუმენტაციის გაყალბებას ედავება. ბესიკ ბლიაძეს სასამართლოს გადაწყვეტილებით თანამდებობრივი უფლებამოსილება ოფიციალურად დღეიდან შეუჩერდა. ამის მიზეზი ის ბრალდება გახდა, რომელიც პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 341–ე მუხლით წარუდგინა.
აღნიშნული მუხლი სამსახურეობრივი სიყალბის ჩადენას გულისხმობს და დამტკიცების შემთხვევაში 2–დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 25 მარტს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ მუნიციპალიტეტის გამგებელს, აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა 4 000 ლარის ოდენობით.