სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია ვაკანსიებს აცხადებს . ამ დროისათვის ვაკანტურია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილის, ამავე სამსახურის უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობები.
გარდა ამისა, ვაკანტურია სამხარეო რწმუნებულის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის პოზიციები. ასევე, თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურში – სამსახურის უფროსის, მოადგილისა და უფროსი სპეციალისტების თანამდებობები და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურში – სამსახურის უფროსის მოადგილის, მთავარი სპეციალისტის, სპეციალისტისა და უფროსი სპეციალისტების პოზიციები.
ამ დროისათვის ვაკანტური სულ 25 თანამდებობაა.
მსურველებს განაცხადის წარდგენა მხოლოდ ელექტრონულად შეუძლიათ საჯარო სამსახურის ვებ-გვერდზე ( hr.gov.ge).
შექმნილია 5 კაციანი საკონკურსო კომისიაც, რომლის თავმჯდომარე სამცხე–ჯავახეთის სამხარეო რწმუნებული აკაკი მაჭუტაძეა. კომისიის მოადგილე კი გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილია. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში არცერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი არ შედის.
სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის აპარატის უფროსის გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე შემოსული განაცხადები გადაირჩევა, ხოლო მეორე ეტაპზე კონკურსანტებთან გასაუბრება მოხდება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 27 მარტია.