თურქეთთან და აზერბაიჯანთან ერთად შევძელით ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს მძლავრი, სტაბილური და რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ენერგეტიკული დერეფნის შექმნას, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ ახალციხეში 400 კვ ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურ “ახალციხის” გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
ვიცე-პრემიერის შეფასებით, დღევანდელი დღე რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დასრულდა ერთ–ერთი ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის განხორციელება, რაც მრავალწლიანი მჭიდრო და წარმატებული ურთიერთთანამშრომლობის შედეგია.
“სამი ქვეყნის დამაკავშირებელი მილსადენებისა და ნავთობსადენების გარდა სამხრეთის ენერგეტიკული მიმართულება კიდევ უფრო გაძლიერდა ახალციხეში მაღალტექნოლოგიური ქვესადგურისა და ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზების მშენებლობით. შედეგად ნავთობისა და ბუნებრივი აირის გარდა შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის ტრანსპორტირება და ევროპის ბაზრების მომარაგება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსური მხარდაჭერით მხოლოდ საქართველოში 250 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდა. ეს პროექტი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ელექტროსისტემის მდგრადობას, ინვესტიციების მოზიდვას, ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდას და ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განვითარებას”, – განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლების ამოცანაა, საქართველოს ენერგეტიკის სექტორმა ერთ-ერთი წამყვანი როლი შეასრულოს ქვეყნისა და რეგიონის განვითარებაში.
“ჩვენი ამოცანაა, ენერგეტიკის სექტორმა უპასუხოს არსებულ გამოწვევებს ენერგეტიკული უსაფრთხოების, ენერგორესურსებზე ხელმისაწვდომობის, ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისა და ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ამაღლების საქმეში”, – აღნიშნა კახი კალაძემ და პარტნიორებს მხარდაჭერისა და წარმატებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.