სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა, დაკავებული
თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, პრეზიდენტის კანცელარიაში
განცხადება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე დღეს, 28 ოქტომბერს
შეიტანა. როგორც ივანე წიკლაურმა ,,ექოს” სატელეფონო საუბარში
განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება, მან ქვეყანაში შექმნილი
მდგომარეობის გამო მიიღო. პრეზიდენტის რწმუნებულმა სამცხე–ჯავახეთში,
,,მეცხრე არხთან” , მუშაობის ერთწლიან პერიოდზეც ისაუბრა და აღნიშნა,
რომ მისი ამ პოსტზე დანიშვნიდან, რამდენიმე კვირაში რეგიონი
რთული გამოწვევების წინაშე დადგა, იყო სტიქიური უბედურებები სამ
მუნიციპალიტეტში: ადიგენში, ასპინძასა და ახალციხეში.
,,ახალი ძალა მოვიდა სათავეში და დროა მათ დავუთმოთ
ასპარეზი, ჩემი აღნიშნული გადაწყვეტილებაც აქედან გამომდინარეა. რაც
შეეხება მუშაობის ერთწლიან პერიოდს, მოგეხსენებათ, საკმაოდ რთულ
პირობებში მოგვიხდა მუშაობა მე და ჩემს გუნდს, ვგულისხმობ სტიქიას
რეგიონში, თუმცა ვფიქრობ ამ მოკლე ხანში, ყველა იმ სამსახურმა, რაც
სამხარეო ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია, კარგად გაართვა თავი ამ
გამოწვევებს. ჩემი გუბერნატორობის პერიოდში 150 კორპუსი გადაიხურა,
შეძლებისდაგვარად დავეხმარეთ სტიქიით დაზარალებულ მოსახლეობას”–
განაცხადა ივანე წიკლაურმა.
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ დაკავებულ თანამდებობაზე მოვალეობის შესრულებას, მანამდე გააგრძელებს, სანამ მისი განცხადება გათავისუფლების შესახებ, არ დაკმაყოფილდება. თუ რომელ სფეროში გააგრძელებს მოღვაწეობას ივანე წიკლაური, ეს გადაწყვეტილი არ აქვს– ,,ახალგაზრდა ადამიანი ვარ და ყველაფერი წინ არის, გულხელდაკრეფილი არ ვიქნები” –განაცხადა გუბერნატორმა.
შეგახსენებთ, რომ სამცხე–ჯავახეთს ივანე წიკლაური 2012 წლის ივლისის თვიდან ხელმძღვანელობს. მანამდე კი გუბერნატორის პოსტი ლაშა ჭკადუას ეკავა.