ადიგენის სოფლების – ზედუბნის, ღორთუბნისა და აფიეთის მოსახლეობა განათლების ხელმისაწვდომობას ითხოვს. მათი სკოლის შენობა ერთი წლის წინ დაიწვა და მას შემდეგ გაკვეთილები ერთ–ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში ტარდება.
სოფლის მოსახლეობამ, მალხაზ ბერიძის სახლის მეორე სართულზე, ხუთი საკლასო ოთახი, სახუთარი სახსრებით მოაწყო.
ღორთუბნის სკოლა 2008 წელს აშენდა. შენობა ერთი წლის წინ, 11 ივნისს დაიწვა. ხანძრის მიზეზად, ელექტროსადენების გაუმართაობა დასახელდა. ადგილობრივების თქმით, ისინი ელოდებოდნენ, რომ სასწავლო პროცესი ახალ შენობაში დაიწყებოდა, თუმცა როგორც განათლების სამინისტროში განუმარტეს, პედაგოგებს 55–მდე მოსწავლისთვის გაკვეთილების ჩატარება, წელსაც ბერიძეების სახლის მეორე სართულზე მოუწევთ.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ განათლების სამინისტროს სურს, ღორთუბნის საბაზო სკოლა გაუქმდეს და მისმა მოსწავლეებმა სოფელ მოხის სკოლაში იარონ. მოსახლეობა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში, მოსწავლეებს რამდენიმე კილომეტრის გავლა მოუწევთ. ღორთუბნელები სახელმწიფო უწყებას, მაღალმთიანი სოფლის კლიმატური პირობების გათვალისწინებას სთხოვს. სოფელი ზღვის დონიდან 1 500 მეტრზე მდებარეობს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი მთავარი პრობლემის შესახებ, ყველა უწყებასა და კომპეტენტურ პირს, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილსაც ესაუბრნენ. მოსახლეობის თქმით, ყოფილი პრემიერ–მინისტრი ღორთუბნელებს დაპირდა, რომ სკოლის მშენებლობა ერთ კვირაში დაიწყებოდა. თუმცა ადგილობრივ თვითმმართველობასა და განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ჯერ მუშაობა საპროექტო სამუშაოებზე მიმდინარეობს. მშენებლობა კი, სავარაუდოდ მომავალ წელს დაიწყება.
სკოლის შენობის არქონის გამო, სამივე სოფელი ახალგაზრდებისგან დაიცლება – ამბობენ ადგილობრივები. მათი თქმით, თუ საკითხი დროულად არ გადაიჭრა, მოსახლეობა სოფლებს დატოვებს და მოსწავლეებთან ერთად ქალაქში გადავა საცხოვრებლად.