ვაჟა ჩიტაშვილი პარლამეტში, დღევანდელი დეპატებისას სიტყვით გამოვიდა და სამცხე–ჯავახეთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
“ქვეყანაში შენელებულია ეკონომიკური ზრდის ტენდენცია”–ამ სიტყვებით დაიწყო ახალციხის მაჟორიტარმა საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლა.
ვაჟა ჩიტაშვილმა სამცხე–ჯავახეთის მაგალითზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეგიონში არ გახსნილა არცერთი მცირე თუ მსხვილი საწარმო, სოფლის მეურნეობაში არ გაკეთებულა არცერთი წყალსაცავი, რომელიც გლეხს სასოფლო–სამეურნეო სავარგულების მოვლაში ხელს შეუწყობდა. არ მომხდარა სათიბებში მისასვლელი გზების რეაბილიტაცია.
“მე და ჩემ კოლეგამ, ტარიელ ლონდარიძემ ვეცადეთ გაგვეგო რეგიონში ერთი ადამიანი, ვინც მიიღო დაბალ პროცენტიანი კრედიტი, ტუმცა ასეთი პიროვნებას ვერ მივაკვლიეთ”– აღნიშნა ახალციხის მაჟორიტარმა.
ვაჟა ჩიტაშვილმა დღეს ახალი ხელისუფლების მიერ სასოფლო–სამეურნეო ბარათების დარიგებასა და მის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკეთესი იქნებოდა ამის ნაცვლად, სარწყავი სისტემებისათვის და სოფლის მეურნეობაში არსებულ სხვა პრობლემებისათვის მიეხედათ.
დეპუტატმა გამოსვლის დასასრულს, უმცირესობასა და უმრავლესობის ურთიერთობებზეც ისაუბრა.