კოალიცია “ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბორჯომს სტუმრობენ. ისინი ადგილობრივებს ქალაქის ცენტრში შეხვდნენ. გიორგი მარგველაშვილმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა, რის შემდეგაც, საზოგადოების პრობლემები პირადად მოისმინა.
“ბორჯომს ტურიზმის დიდი პოტენციალი გააჩნია, რასაც განვითარება სჭირდება. საპრეზიდენტო არჩევნებში ჩემი გამარჯვების შემთხვევაში ამ მხრივ ბორჯომს დიდ ყურადღებას მივაქცევთ” – განაცხადა გიორგი მარგველაშილმა მედიასთან.
მოსახლეობის თქმით, ბორჯომში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა. ისინი საუბრობენ იმაზეც, რომ კურორტზე გამაჯანსაღებელი სანატორიუმები არ ფუნქციონირებს. პრეზიდენტობის კანდიდატთან მათ სწორედ ამ პრობლემების მოგვარება ითხოვეს.
ამ წუთებში, გიორგი მარგველაშვილი და კახა კალაძე ბორჯომის მინერალური წყლების პარკს ათვალიერებენ.