ადიგენის
მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელაში, მინარეთის დემონტაჟთან
დაკავშირებით მომხდარი ინციდენტი უახლოეს დღეებში პარლამენტის
მსჯელობის საგანი გახდება. საკითხს სავარაუდოდ, მომავალ სასესიო
კვირას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.
ჭელას ინციდენტის პარლამენტში განხილვის ინიციატივით კომიტეტის
დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი
გამოვიდა. თაქთაქიშვილმა მოითხოვა, საკითხის განხილვა დღევანდელი
სხდომის დღის წესრიგს დამატებოდა და დეპუტატებს პოზიციების
დაფიქსირებისა და მომხდარის შეფასების შესაძლებლობა მისცემოდათ.
უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ
საკითხზე მსჯელობა გაიმართება, თუმცა მისი უფრო ორგანიზებულად
წარმართვის და ყველა მხარის მონაწილეობის მიზნით, ეს არა დღეს, არამედ
უახლოეს სასესიო კვირაში მოხდება.
“მესმის, რომ დღეს საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. კომიტეტის
თავმჯდომარის ეკა ბესელიას პოზიცია და “რესპუბლიკლების” პოზიცია
ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგრამ საქმე ძალიან სახიფათო ტენდენციას
ეხება, რომელიც საქართველოში მკვიდრდება და მიზნად განსხვავებული
შეხედულებების, რელიგიური შეხედელებების მქონე მოქალაქეების დევნასა
და მათ მიმართ აგრესიას ისახავს”, – განაცხადა ჩიორა
თაქთაქიშვილმა.
საკითხის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე გატანის ინიციატივას
დაეთანხმა უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე, რომლის თქმითაც,
აღნიშნული საკითხი სწორედ პარლამენტმა უნდა განიხილოს და ყველა მოდავე
მხარე მოიწვიოს.
“მათ შორის მოწვეულ უნდა იქნას სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელსაც
სავარაუდუდ, საფუძვლიანი არგუმენტები ჰქონდა, მაგრამ ღონისძიებები
უფრო ფაქიზად უნდა განეხორციელებინა, როცა საქმე რელიგიურ საკითხებს
ეხება. გაიმართოს საჯარო განხილვა, თუ რომელი მხრიდან რა შეცდომა იქნა
დაშვებული და როგორ შეიძლება არსებული ვითარება გამოსწორდეს”, –
აღნიშნა ჩაფიძემ.
კომიტეტის გადაწყვეტილებით, დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ,
დეპუტატები ერთმანეთთან საორგანიზაციო საკითხებზე შეჯერდებიან და
მოსაწვევ პირთა წრეს განსაზღვრავენ.
“ინტერპრესნიუსი”