ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს:
“შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, საქონლის იმპორტის გადასახადით დაბეგვრა დამოკიდებულია მის სასაქონლო კოდზე. ვინაიდან გაჩნდა ეჭვი, რომ ინდ. მეწარმე ჯამბულ აბულაძის მიერ შემოტანილ საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციაში სასაქონლო კოდი და წონა არასწორად იყო მითითებული, აღნიშნულის დადგენისათვის დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა. საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების შესახებ ბრძანება წინასწარ ჩაბარდა ჯამბულ აბულაძის მეუღლეს, გაგზავნილ იქნა საქართველოს ფოსტით და პირის ელექტრონულ მისამართზე ატვირთა. წონისა და კოდის დადგენის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებულია დათვალიერება, სინჯის ან/და ნიმუშის აღება. კონკრეტულ შემთხვევაში, საქონლის (ლითონის ასაწყობი კონსტრუქცია – ერთი ერთეული) სპეციფიკიდან გამომდინარე ის განხილულ იქნა, როგორც საკვლევი ნიმუში, შესაბამისად საჭირო გახდა ზემოაღნიშნული კონსტრუქციის დემონტაჟი და გაფორმების ორგანოში წარდგენა. აქვე აღვნიშნავთ, რომ თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებით, იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია მხოლოდ იმ საქონლის შემოტანა, რომლის წარმოშობის ქვეყანა თურქეთია, რაც დადასტურებული უნდა იყოს წარმოშობის სერტიფიკატით (EUღ.1). ინდ/მეწარმე ჯამბულ აბულაძის მიერ საქონლის დეკლარირებისას წარმოშობის სერთიფიკატი წარდგენილი არ ყოფილა, შესაბამისად, მასზე საგადასახადო შეღავათი ვერ გავრცელდებოდა. ამჟამად, დასრულებულია შავი ლითონის კონსტრუქციის (მინარეთი) სრულყოფილი სასაქონლო ექსპერტიზა (წარმოდგენილი კონსტრუქციის სასაქონლო კოდი არის 73089099000 – იბეგრება იმპორტის გადასახადით 12%, ნაცვლად დეკლარირებული 94060038000 კოდისა, რომელიც არ იბეგრება იმპორტის გადასახადით, ხოლო წონამ შეადგინა 2940 კგ ნაცვლად დეკლარირებული 2700 კილოგრამისა) და უბრუნდება მესაკუთრეს. შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ, ცალსახად ადასტურებს, რომ მინარეთის კონსტრუქციის დაბრუნება შემოსავლების სამსახურის ხარჯებით ხორციელდება”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მინარეთის დემონტაჟი 26 აგვისტოს განხორციელდა.
სოფელ ჭელაში არსებულ მეჩეთზე მოხსნილი მინარეთი დასაწყობდება და დაილუქება – ამის შესახებ საპატრიარქოსა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.