კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები ახალციხის ქუჩებს ასუფთავებენ. ახალგაზრდებმა აქცია ცენტრალური პარკიდან დაიწყეს.
ორგანიზაციის თავმჯდომარის თქმით, პარკის შემდეგ იმ ქუჩებზე გადაინაცვლებენ, სადაც მათი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.
“ქართული ოცნების” ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ გადავწყვიტეთ, ჩვენი წვლილი შეგვიტანოთ ჩვენი ქალაქისთვის ზრუნვაში და ვეხმარებით ქალაქის მერიასაც, ახალგაზრდებსაც, რომლებიც საკუთარი ინიციატივით გამოვიდნენ და ჩაერთვნენ ქალაქის დასუფთავებაში” – აღნიშნა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი ცუხიშვილმა.
3 აგვისტოს სტიქიამ ახალციხეში მისასვლელი გზები, ნარგავები, ხეხილი, ვაზი და შენობები დააზიანა. ჩამსხვრეულია საცხოვრებელი სახლების ფანჯრები. ახალციხის ბაზარში შენობის სახურავის ნაწილი ჩამოვარდა, დაზიანებულია გასაყიდი ავეჯი. მერაბ კოსტავას ქუჩაზე ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსს, ძლიერმა ქარმა სახურავის ნაწილი გადახადა. წვიმის წყალი მოსახლეობას საცხოვრებელში ჩაუვიდა.
ახალციხის მერიაში გუშინვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ქალაქის მასშტაბით ზარალს სწავლობს.
თიკო კურტანიძე