ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ადგილობრივ მაღალჩინოსნებს უჩივის. გიორგი გიუაშვილმა მათ წინააღმდეგ ჩვენება დღეს, 4 ივლისს მისცა.
ბორჯომის საკრებულოს დეპუტატმა „ლეიბორისტული პარტიიდან“ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელების წინაღმდეგ პროკურატურაში ჩვენება მისცა. გიორგი გიუაშვილი ბორჯომელ ჩინოვნიკებს არაერთ ბრალდებას უყენებს. მისი თქმით, მუნიციპალიტეტში უხარისხო მშენებლობები მიმდინარეობს, მაღალანაზღაურებადი თანამშრომლები სოციალური პაკეტით სარგებლობენ, ევროპაში მივლინებას იმიზეზებენ და ბიუჯეტის თანხებს ფლანგავენ. ბორჯომის საკრებულოს დეპუტატს აღნიშნული ქმედებები კანონდარღვევად მიაჩნია, სწორედ ამიტომ მან განცხადებით საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა.
პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებაზე კომენტარს არ აკეთებენ ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ერთ–ერთი საკითხი, კი რომელის თაობაზეც ოპოზიციონერმა დეპუტატმა საგამოძიებო უწყებაში ჩვენება მისცა, ბორჯომის საკრებულოს დეპუტატის ოპერაციის, დაფინასება იყო. „ფრაქცია კონსერვატორების“ თავმჯდომარეს ვარლამ ხვინგიას სამედიცინო მომსახურება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 517 ლარით დაუფინანსდა. აღნიშნული საკითხის განხილვას 17 ივნისს საკრებულოს სხდომაზე ხმაური მოჰყვა. გიუაშვილი ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობს.
ბორჯომის გამგეობაში საკრებულოს დეპუტატისთვის ოპერაციის დაფინანსება ვარლამ ხვინგიას რთული მდგომარეობით ახსნეს.
გიორგი გიუაშვილის განცხადების საფუძველზე სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურამ ძიება საქართველოს სსკ-332-ე მუხლის I ნაწილით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.