ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების განთავსებისთვის ადგილები გამოიყო. აღნიშნული საკითხი თემის საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა ერთხმად დაამტკიცეს. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, შეირჩა ისეთი ადგილები, სადაც ყველა პოლიტუკურ ძალას სააგიტაციო მასალების განთავსება თანაბრად შეეძლებათ.
ახალციხის თემის საკრებულოზე კიდევ ერთი საკითხი ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს შეეხო. რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის თანხები ორი პროცენტით შემცირდა, რამაც ჯამში 40 434 ლარი შეადგინა. საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის თქმით, აღნიშნული კლება სატენდერო შეთანხმებებიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა, ბიუჯეტში ცვლილება მოხდა კომუნალური ხარჯების შემცირების გზით მიღებული თანხების სხვა მიმართულებით გადანაწილების გამო.
გელა ლომიძის განმარტებით, კომუნალური ხარჯების შემცირების გზით მიღებული თანხებიდან 3 300 ლარი კულტურულ დაწესებულებს, ხოლო 7 000 ლარი საბავშვო ბაღებს მოხმარდება.
თემის საკრებულოს სხდომაზე ორი საკითხი განიხილეს. ორივე მათგანი დეპუტატებმა ერთხმად მიიღეს.
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით მერვე სხდომა გამართა. საკითხების გადასაწყვეტად 19 დეპუტატი გამოცხადდა.