ახალციხელმა ახალგაზრდებმა, ქალაქის ახალი, შვიდი ტურისტული მარშრუტი შექმნეს. გზამკვლევის პრეზენტაცია 31 მაისს, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა.
25 ახალგაზრდა ხუთ ჯგუფად დაიყო და ორსაათიანი მარშრუტები შეადგინეს, სადაც ის ობიექტებია მოხვედრილი, რომელთა ისტორიული მნიშვნელობა დიდია, თუმცა მათ შესახებ, ადგილობრივმა მოსახლეობამაც ცოტა რამ იცის.
პროექტის მთავარი მიზანი ის იყო, რომ ახალგაზრდებს შეესწავლათ მათი ქალაქი და ახალციხის ისეთი ტურისტული მარშრუტები შეექმნათ, რაშიც ქალაქის მრავალფეროვნება აისახებოდა.
პროექტს, ,,კულტურული მრავალფეროვნებისა და თანაცხოვრების რუკა,“ ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი, ჰოლანდიის სამეფოს დაფინანსებით ახორციელებს. ახალციხე პირველი ქალაქია, სადაც გზამკვლევები მომზადდა.