“ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” მიერ ორგანიზებული პროექტი სახელწოდებით ,,ახალი საქართველო“ რეგიონებში გავიდა და ახალგაზრდებისგან ქვეყნის განვითარების შესახებ იდეები მოისმინა. რა მიმართულებით უნდა განვითარდეს საქართველო და როგორ უნდა შეიქმნას პოზიტიური მუხტი მოსახლეობაში – ეს არის პროექტის მთავარი გზავნილი. ახალციხეში შეკრებილი ახალგაზრდები სამცხე–ჯავახეთიდან საკუთარი იდეების წარმოჩენას ცდილობდნენ.
ახალგაზრდების გზავნილი საქართველოს მთავრობისადმი კითხვების ფართო სპექტრს მოიცავს. პროექტის ორგანიზატორთა ცნობით, იდეები როგორც ყოველდღიურ პრობლემებს, ასევე ქვეყნის მომავალ განვითარებას ეხება.
ქვეყნის განვითარების პერსპექტივებზე ფიქრი ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად – ასე ხსნის პარლამენტის წევრი პროექტ ,,ახალი საქართველო“–ს მიზანს. ევროპასთან ინტეგრაცია, დეოკუპაცია, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში აქტიური ჩართვა – ეს მომავალი ახალგაზრდა ლიდერების ძირითადი კითხვებია. პოლიტიკური კითხვების მიუხედავად, გიორგი ვაშაძე ირწმუნება, რომ პროექტი აპოლიტიკურია.
პროექტის მიხედვით, ახალგაზრდების იდეები მთელი საქართველოდან თბილისში შეჯამდება. დიდი ახალგაზრდული შეკრება კი ზაფხულშია დაგეგმილი, რომელიც ასევე დედაქალაქში გაიმართება.