სახელმწიფო უწყებების შეცდომაში შეყვანა, დაბა ბაკურიანში მცხოვრებ, 38 ადამიანს ბრალდება. დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები, სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურის მოთხოვნით, ახალციხის რაიონულმა სასმართლომ, 24 თებერვალსა და პირველ მარტს დააყადაღა. 30–მდე ბაკურიანელი დღეს სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურასთან შეიკრიბა. ისინი მთავარ პროკურორთან შეხვედრასა და მათ ნაკვეთებთან დაკავშირებით, სიტუაციის გარკვევას ითხვდნენ. პროკურორმა მოუცლელობის გამო, ბაკურიანელები დღეს ვერ მიიღო.
ბაკურიანელები ამბობენ, რომ ყადაღადადებული ნაკვეთების მეპატრონეებს პროკურატურაში იბარებენ და სახელმწიფოს სასარგებლოდ, მიწის დათმობას სთხოვენ. უარის გამო, სამი მამაკაცი დააკავეს და მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლეს, როცა საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმდნენ და მიწა სახელმწიფოს დაუბრუნეს. ადვოკატებმა ხუთი პირის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება წარმოადგინეს, სადაც ბაკურიანელები წერენ, რომ დაბის რწმუნებული გოჩა გობრონიძე მათ კაბინეტში იბარებდა და ახლადდარეგისტრირებული მიწის ეკონომიკის სამინისტროსთვის დაბრუნებას სთხოვდა. ხუთივე მათგანმა უარი განახადა, რის შემდეგაც ბაკურიანელების დაკავება დაიწყო.
საჯარო რეესტრმა ეჭვქვეშ დააყენა ყველა ის რეგისტრაცია, რომელსაც საფუძვლად უდევს დაბა ბაკურიანის საკრებულოს 2000 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება. ბაკურიანელები, სახელმწიფო უწყებების მხრიდან, შერჩევით სამართალზე საუბრობენ და არგუმენტად ის ფაქტები მოჰყავთ, რომლის მიხედვითაც, მათ რამდენიმე მეზობელს, ყადაღა და შესაბამისად, პრობლემა მოეხსნა, რამდენიმე კი პირიქით, აღნიშნული საქმის გამო დააკავეს.
38 ყადაღადადებული ნაკვეთის გარდა, მიწის დაკანონების პრობლემა აქვს 100–ზე მეტ ბაკურიანელს. მათ ჯერ კიდევ 2007 წელს, რეგისტრაციის უფლება იმ მიზეზით შეუზღუდეს, რომ პროკურატურა ბორჯომის გამგეობის თანამშრომლების მიერ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტებს იკვლევდა. პროკურატურამ კომენტარი დღეს არ გააკეთა.