COVID19
125 პირი თვითიზოლაციაში, 31 - კარანტინში - ახალციხეში ვითარება დამაკმაყოფილებელია
ახალციხის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო თვითიზოლაციაში ამ დროისთვის 125 ადამიანი იმყოფება, - ამის შესახებ ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა განაცხადა.

ფატი ხაბულიანი tv9news.ge-სთან განმარტავს, რომ ,,თვითიზოლაციაში მყოფთა რიცხვი 125-მდე გაიზარდა, ხოლო ახალციხის საკარანტინე ზონაში 31 ადამიანი იმყოფება".

საკარანტინე ზონაში ნინოწმინდის საბაჟოდან საქართველოში შემოსული მოქალაქეები შემოიყვანეს.

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საზღვარგარეთიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში შემოსულ მოქალაქეებს მედიკოსები აკვირდებიან. პროცესს მეთვალყურეობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ახალციხის ცენტრი უწევს. უწყებაში ამბობენ, რომ ტემპერატურის მომატება ან ვირუსის ნიშნები არც ერთ იზოლირებულს აღენიშნება.

125 პირი სახლში რჩება, მათ საზოგადოებისგან იზოლირების რეკომენდაცია მიიღეს. ამ რეჟიმში ყოფნა ორი კვირა - საკარანტინო ვადის გასვლამდე მოუწევთ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, ახალციხის ჯანდაცვის ცენტრს სოფლის ექიმები ყოველ დღე აწვდიან.

22 მარტს საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის უკვე, ჯამში, 54 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორისვგამოჯანმრთელებულია 3 მოქალაქე, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი სპეციალური ვებგვერდის თანახმად, კარანტინის რეჟიმშია 3 254 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 233 პირი იმყოფება.
| Print |