COVID19
24 მარტიდან, ქალაქებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლა შეწყდება
24 მარტიდან, საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ხვალიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით აღარ ივლიან ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, გაჩერდება რკინიგზა.

შეზღუდვები მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ვრცელდება, მოქალაქეები მსუბუქი ავტომობილებითა და ტაქსებით გადაადგილებას შეუფერხებლად შეძლებენ.

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო გადაწვეტილება უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

მთავრობის გადაწყვეტილება მძღოლებისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. ისინი ამბობენ, რომ რისკების დასაზღვევად და კორონავირუსის შეჩერების პრევენციისთვის რეგულაციების დაწესება საჭიროა.

დღეს თბილისი-ბორჯომის სამარშრუტო ტაქსმა ბოლო რეისი შეასრულა. ბორჯომის ავტოსადგურის დისპეტჩერი ამბობს, რომ შემცირებული მგზავრების გამო, მძღოლები ისედაც ვეღარ ფარავდნენ ხარჯებს.


ახალციხეში, შპს ჯეოტივის მძღოლები, ორი დღის წინ გაჩერდნენ, მაშინ როცა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

დამატებითი აკრძალვებისა თუ რეგულაციების მიუხედავად - დარჩი სახლში - უმთავრეს რეკომენდაციად რჩება. სწორედ სოციალური დისტანციის დაცვაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფი ტემპებითა და მასშტაბებით გავრცელდება ქვეყანაში ვირუსი.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის აკრძალვასთან დაკავშირებული რეგულაციები დღეს ღამით, 24 საათის შესრულებისთანავე ამოქმედდება. შეზღუდვების გაუქმება კი, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე იქნება დამოკიდებული.
| Print |