COVID19
როგორია კორონავირუსის სიმპტომები?
კოვიდ-19 ანუ კორონავირუსი, რესპირატორული დაავადებაა. ის მსოფლიოში ჩინეთის ვუჰანის პროვინციიდან გავრცელდა. კოვიდ-19 კორონავირუსების ოჯახს განეკუთნება და აქამდე უცნობი ვირუსია. სხვა კორონავირუსების მსგავსად, ის თავდაპირველად ცხოველებში გავრცელდა. პირველად დაინფიცირებულთა უმეტესობა მუშაობდა ან ხშირად დაიდოდა ვუჰანში, ჰუანანის ზღვის პროდუქტების ბაზარში.

ამ დროისთვის მსოფლიოში ვირუსით 383 000 -მდე ადამიანია დაინფიცირებული. დაახლოებით, 103 000 მათგანი გამოჯანმრთელდა და 16 600-ზე მეტი დაიღუპა.

რა სიმპტომები აქვს კორონავირუსს?
კოვიდ-19-ის პაციენტებს რესპირატორული, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

სიმპტომებს შორისაა:

სიცხე
მშრალი ხველა
დაღლილობა
სუნთქვის გართულება


რა გართულება შეიძლება მოჰყვეს დაინფიცირებას?
ამერიკის ხმის ინფორმაციით, კორონავირუსმა შესაძლოა ფილტვების ანთება გამოიწვიოს. მას ანტიბიოტიკები არ შველის, რადგან ის ვირუსული პნევმონიაა. ვირუსი, ყოველი ექვსიდან ერთ ადამიანს ურთულდება, რაც სუნთქვის გაძნელებაში გამოიხატება. ზოგიერთ პაციენტს ანთება ორივე ფილტვზე უვითარდება. დაავადების გართულებას შესაძლოა ორგანოების ფუნქციონირების შეწყვეტა და გარდაცვალება მოჰყვეს.

ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის ჯგუფში ხანდაზმული და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები არიან მაგალითად, ისინი ვისაც აწუხებს მაღალი წნევა, გულის პრობლემები ან დიაბეტი.

რამდენი შემთხვევაა საქართველოში?
საქართველოში კორონავირუსის 67 შემთხვევა დადასტურდა.
მათ შორის გამოჯანმრთელდა 9. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 4055 ადამიანია. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი 252.

რა დროს უნდა მივმართოთ ექიმს:

მიმართეთ ოჯახის ექიმს თუ გაქვთ ტემპერატურა, ხველა, სურდო, მაგრამ ამასთან:
არ გიმოგზაურიათ ბოლო 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებში, ასევე არ გქონიათ კონტაქტი დაავადებულ და/ან მაღალი რისკის ქვეყნებიდან (ჩინეთი, ირანი, სამხრეთ კორეა და იტალია) ჩამოსულ პირთან.

მიმართეთ ინფექციურ საავადმყოფოს თუ: ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობდით ვირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებში და დაგიფიქსირდათ ტემპერატურა 37.5 ან მეტი, ხველა, სუნთქვის გაძნელება; ან არ დაგიფიქსირდათ ტემპერატურული რეაქცია, მაგრამ გაქვთ სასუნთქი სისტემის მწვავე ინფექციის სხვა ნიშნები და ამასთან, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმოგზაურეთ ან/და გქონდათ კონტაქტი კორონავირუსით დაინფიცირებულ დაავადებულ პირთან;

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოქალაქეებს შეუძლიათ ისარგებლონ ოჯახის ექიმის 24-საათიანი სატელეფონო კონსულტაციით. მათ სამედიცინო დაწესებულებასთან 112 გადაამისამართებს. 

რა რჩევებს იძლევა აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი?
ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, თუ ცუდად ხართ, გაქვთ გრიპი ან სხვა რესპირატორული დაავადება:

დარჩით სახლში

დაცემინების ან დახველების შემთხვევაში სახეზე მიიფარეთ ხელსახოცი და შემდეგ ის გადააგდეთ.

გაწმინდეთ და დეზინფექცია გაუკეთეთ იმ ნივთებს და ზედაპირებს, რომლებსაც ხშირად ეხებით.

როგორ დავიცვათ თავი?

ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით გადადის. მისით დაინფიცირების ალბათობის შესამცირებლად გააკეთეთ შემდეგი:

თავიდან აირიდეთ ახლო კონტაქტი ავადმყოფებთან;
თავიდან აირიდეთ თვალებზე, ცხვირზე და პირზე დაუბანელი ხელებით შეხება;
ხელები დაიბანეთ საპნით და თბილი წყლით, სულ მცირე, 20 წამის განმავლობაში;
როცა საპონზე და წყალზე ხელი არ მიგიწვდებათ, გამოიყენეთ ალკოჰოლზე დაფუძნებული ხელების სადეზინფექციო საშუალება, რომელიც, სულ მცირე, 60 პროცენტ ალკოჰოლს შეიცავს.

ვატაროთ თუ არა პირბადე?
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, პიბადე უნდა ატარონ მხოლოდ იმ პირებმა, ვისაც კორონავირუსის სიმპტომები აქვს (განსაკუთრებით ხველა) ან მათ, ვინც დაავადებულებს უვლის. თუ თქვენ არ ხართ ავად, ან არ უვლით არავის ვისაც ვირუსი აქვს, ორგანიზაციის რეკომენდაციით, მსოფლიოს გარშემო პირბადეების დეფიციტიდან გამომდინარე, ისინი საზრიანად უნდა გამოვიყენო.

ამასთან, თუ მაინც იყენებთ პირბადეს, გახსოვდეთ, რომ გაკეთებამდე ხელები უნდა დაიბანოთ, შეამოწმოთ ხომ არ აქვს მას ნახვრეტები ან დაზიანებული ხომ არ არის. პირბადე უნდა გიფარავდეთ პირს, ცხვირს და ნიკაპს. პირბადის მოხსნისას ეცადეთ არ შეეხოთ მას ხელებით ან არ მიიდოთ ტანსაცმელზე. მოხსნის შემდეგ, პირბადე გადააგდეთ ნაგავში და კვლავ დაიბანეთ ან ალკოჰოლიანი სადეზინფექციო სითხით გაისუფთავეთ ხელები.

როგორ ვრცელდება ვირუსი?
ვირუსი ადამიანიდან ადამიანზე ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. დაკვირვება აჩვენებს, რომ ამ დროისთვის ვირუსი იმ ადამიანებს გადაედოთ, რომლებსაც დაინფიცირებულ პირბთან ახლო კონტაქტი ქონდათ (იყვნენ ერთმანეთთან 2 მეტრზე ახლო კონტაქტში). ის შესაძლებელია ასევე დავირუსებულ ზედაპირზე ან ნივთზე შეხებით და შემდეგ სახეზე, პირზე, თვალებზე და ცხვირზე ხელის მოკიდებით გავრცელდეს. თუმცა, ამ დრომდე ეს არ ითვლება ვირუსის გავრცელების მთავარ გზად.

გვაქვს თუ არა ვაქცინა?
ამ დროისთვის კორონავირუსის ვაქცინა არ არსებობს. ინფიცირების თავიდან ასაცილებლად მიმართეთ ყოველდღიურ პრევენციულ ზომებს და დაიცავით ჰიგიენა.

მათ, ვისაც ვირუსი უკვე აქვთ და ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ, სამედიცინო დაწესებულებებში სიმპტომების შემსუბუქებაში დაეხმარებიან.

ვაქცინების შემუშავება მიმდინარეობს და ისინი კლინიკურ ცდებს გადის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ცდილობს ვირუსთან ბრძოლის კოორდინაციას. თუმცა, ვაქცინის გამოცდას და შემდეგ უკვე მის მკურნალობაში დანერგვას, ექსპერტების აზრით, დაახლოებით, 1.5 წელი დასჭირდება.

შეიძლება თუ არა ვირუსი შინაურ ცხოველებს გადაედოს?
მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჩინეთში ცხოველებიდან გავრცელდა, ამ დრომდე არ დასტურდება, რომ შინაური ცხოველების დაინფიცირება.

შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლის ცენტრს არ მიუღია ინფორმაცია შინაური ცხოველების კოვიდ-19-ით დაინფიცირების შესახებ. არ არსებობს ასევე არანაირი მტკიცებულება, რომ შინაური ცხოველები კორონა ვირუსის გადამცემები არიან.

თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ცხოველებს სხვა დაავადების გადაცემა შეუძლიათ ადამიანებისთვის, ყოველთვის კარგი აზრია ხელების დაბანა მათთან თამაშის ან კონტაქტის შემდეგ.

რა საერთო ან განმასხვავებელი მახასიათებლები აქვს კორონავირუსს სხვა რესპირატორულ დაავადებებთან?
კორონავირუსს ხშირად ადარებენ ესპანურ ინფლუენზას. ეგრეთწოდებულმა, "ესპანურმა გრიპმა" (N1H1 ვირუსმა), რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს გავრცელდა,1918 და 1919 წლებში, მსოფლიოს მოსახლეობის, დაახლოებით, ერთი მესამედი დააინფიცირა. ვირუსით გამოწვეული დაავადების შედეგად, მსოფლიოში 50 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა. კოვიდ-19-ისგან განსხვავებით, ე.წ. „ისპანკას“ ახალგაზრდებში (20-40 წლის ადამიანებში) სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი ქონდა. ესპანური გრიპის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2.5 პროცენტი იყო.

კოვიდ-19-ის ცნობილი შემთხვევების და სიკვდილიანობის ანალიზის საფუძველზე, დღევანდელი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 3.4 პროცენტია. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ამ დროისთვის არ ვიცით ზუსტად რამდენი ადამიანია ინფიცრებული, ამიტომ სიკვდილიანობის მონაცემების ზუსტად გაზომვა რთულია.

კოვიდ-19 პირველი კორონავირუსი არ არის. ამ დრომდე დაფიქსირებული კორონავირუსია "მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი" (SARS) და "ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი" (MERS). SARS-ი 2002 წელს მსოფლიოს 37 ქვეყანაში გავრცელდა და გლობალური პანიკა გამოიწვია. 8000 ადამიანი დაინფიცირდა და 750-ზე მეტი გარდაიცვალა (ინფიცირებულთა 10 პროცენტი). MERS-ის გავრცელება შედარებით შეზღუდული იყო, რადგან ის ადამიანიდან ადამიანზე ნაკლებად გადაიდიოდა, თუმცა მას მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ქონდა, დაახლოებით, 35 პროცენტი.

ჩვეულებრივი სეზონური გრიპი მსოფლიოს გარშემო 400,000 ადამიანის გარდაცვალებას იწვევს. ეს დაინფიცირებულთა 1 პროცენტია.

გადაეცემა თუ არა კორონავირუსი ამანათით იმ ქვეყნებიდან, სადაც ის ფართოდაა გავრცელებული?

ახალი კორონავირუსის ამანათთან შეხებით გადადება არ დაფიქსირებულა. დაბალია იმის ალბათობა, რომ დაინფიცირებული პირის მიერ შეფუთულმა ამანათმა ვირუსის ადრესატისთვის გადადება გამოიწვიოს. ეს იმის გამო, რომ ამანათი გადაადგილდება სხვადასხვა ადგილზე, გადის სხვადასხვა ტემპერატურას და გზაში რამდენიმე საათიდან, შესაძლოა რამდენიმე კვირამდე იყოს.

რა არ უნდა გავაკეთოთ?

მოწევა
ტრადიციული მცენარეული მედიცინის მიმართვა
ნივრის ჭამა და ალკოჰოლის მიღება
რამდენიმე პირბადის ტარება
საკუთარი ინიციატივით წამლების მიღება, მაგალითად, ანტიბიოტიკების.

მომზადებულია ამერიკის ხმის მიერ.
| Print |