COVID19
,,ჯავახეთში 500-მდე სტუდენტი 15 მარტამდე შემოვიდა"- ანივარდ მოსოიანი
,,ჯავახეთში, ნინოწმინდის საბაჟოდან შემოსული სტუდენტები დაახლოებით 10 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ საველე კარვებში" - აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ახალქალაქის  ორგანიზაციის თავმჯდომარე. მელიქ რაისიანი ეჭვობს, რომ ამ დროის განმავლობაში შესაძლებელია თანამშრომლები დაინფიცირებულიყვნენ, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 

ადგილობრივმა ხელისუფლებამ საკარანტინო ზონებში სტუდენტების სავალდებულო განაწილება მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოაცხადა. მელიქ რაისიანი ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ზომები დაგვიანებით მიიღო.

,,ამ დღეებში 500-ზე მეტი სტუდენტი ჩამოვიდა, ხელისუფლებამ მათ მხოლოდ თვითიზოლაციისკენ მოუწოდა. საგანგებო მდგომარეობის შემდეგ ისინი 10 საათი კარვებში დააყოვნეს, საბოლოოდ  კი ახალციხის ერთ-ერთ სასტუმროში გაგზავნეს. ოჯახის წევრები ძალიან ღელავენ მათზე
",-აცხადებს მელიქ რაისიანი.

ჯავახეთში არსებულ ვითარებას დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს ,,ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი. არსენ კარაპეტიანი ამბობს, რომ მოსახლეობა პასუხისმგებლობით ეკიდება ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და სპეციალისტების რეკომენდაციებსაც იცავს.

,,თვითონ მოქალაქეები დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან ვითარებას, შემოსულებიც და ადგილზე მყოფებიც. იყო, ასეთი შემთხვევა, როცა ხულგუმოში ჩამოსულმა თვითიზოლაციის წესი დაარღვია და  ხალხმა მაშინვე დარეკა და მყისიერი რეაგირება მოხდა. დამრღვევი კარანტინში გადაიყვანეს. არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს" - აცხადებს არსენ კარაპეტიანი.

ოპზიციის ეჭვების გასაქარწყლებლად ნინოწმინდის მერი აცხადებს, რომ სიტუაცია კონტროლირებადია. ანივარდ მოსოსიანის თქმით, 500-მდე სტუდენტი საქართველოში 15 მარტამდე დაბრუნდა, 15 მარტის მერე შემოსული კი ყველა კარანტინში იმყოფება.

,,თვითიზოლაციის წესების დარღვევის ფაქტი ნინოწმინდაში არ დაფიქსირებულა. ვითარება კონტროლირებადია და პანიკის საფუძველი ჯავახეთში არ არსებობს"- განაცხადა ანივარდ მოსოიანმა.
| Print |