COVID19
სომხეთში კორონავირუსით 290 დაინფიცირდა
სომხეთში, კორონავირუსით დაინფიცირების პირველი ფაქტი 1-ლ მარტს დადასტურდა. დაინფიცირებული პირი ირანიდან იყო ჩამოსული და დადასტურებამდე სომხეთში ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. პირველი კარანტინი სომხეთში წახნაძორში გაიხსნა.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ირანთან და ჩინეთთან საზღვარი სწრაფად ჩაიკეტა, იტალიასთან ავიამიმოსვლა კი 15 მარტამდე გაგრძელდა.

11 მარტს ქვეყანაში სამი ახალი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, მეორე დღესვე ხელისუფლებამ გააუქმა სასწავლო პროცესი სკოლებსა და საბავშვო ბაღებში. მოქალაქეებს კი გარეთ გამოსვლისგან თავშეკავება მოუწოდა.

15 მარტს ეჩმიაძინი დროებით საკარანტინე ზონად გამოცხადდა და ქალაქის 27-დან 24 გასასვლელი დაიხურა. დარჩენილ სამ პუნქტზე კი ყველა გამსვლელის შემოწმება დაიწყო.

16 მარტს სომხეთში ერთი თვით გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. 17 მარტიდან აიკრძალა თავისუფალი გადაადგილება ქვეყნის შიგნით, დიპლომატებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლების გარდა;

აკრძალულია 20 კაცზე მეტის შეკრება [გამონაკლიასია დაკრძალვა]; შეწყვეტილია სწავლება ყველა დონეზე; აკრძალულია მასობრივი შეკრებები, პაემნები ციხეებსა და არმიაში. მოგვიანებით სიას დაემატა დისკოტეკები, ბარები, ღამის კლუბები, სავაჭრო ცენტრები [სასურსათოს გარდა], კინოთეატრები, კაზინოები და ბუკმეკერული კომპანიები.

საგანგებო მდგომარეობა შეეხო მედიასა და სოციალურ ქსელებში ინფორმაციის გავრცელებას. დადგენილების თანახმად, კორონავირუსთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია უნდა გამოქვეყნდეს ოფიციალურ ინფორმაციაზე დაფუძნებული ბმულით, ან წყარო მაქსიმალურად უნდა ასახავდეს ოფიციალურ ინფორმაციას. აკრძალვა ეხება “პანიკის გამომწვევ ინფორმაციას”.

20 მარტს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა და ჯარიმა დაწესდა იზოლაციის რეჟიმის დარღვევაზე. ასევე, 50-300 მინიმალური ხელფასის ოდენობით [7-42 ათასი დოლარი] ფიზიკური ან იურიდიული პირების მიერ ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვის დარღვევაზე. კარანტინის დარღვევა 3 თვიდან 5 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აუცილებლობის გამო ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს თან უნდა ჰქონდეთ პასპორტი ან ID–ბარათი. ქუჩაში გამოსულ მაცხოვრებლებს საგანგებო ანკეტების შევსება უწევთ. ეს ანკეტები მათ ქუჩაში ნებისმიერი გასვლის დროს თან უნდა იქონიონ.

ანკეტის შევსებისას იწერება იმ სახლის მისამართი, საიდანაც მაცხოვრებელი გამოდის, გასვლის მიზეზი და იმ ადგილის სახელწოდება და მისამართი, სადაც მიდის.

სომხეთის ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს სახლიდან არ გავიდნენ და პროდუქტებისა და წამლების შინ მიტანის მომსახურებით ისარგებლონ. პროდუქტების ყველა მაღაზია 10-დან 12 საათამდე მხოლოდ 65 წელზე უფროს ადამიანებს ემსახურება.

მარტის ბოლომდე შეიზღუდა „ეკონომიკური საქმიანობა“, გამოცხადებულია აკრძალული და დაშვებული სფეროების სია.

26 მარტის 14:00 სთ მონაცემებით, საერთო ჯამში ახალი ტიპის კორონავირუსი სომხეთში უკვე 290 ადამიანს დაუდასტურდა. „კოვიდ-19“-სგან კი 18 ადამიანი განიკურნა.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 16 მარტს საღამოს 17:00 საათზე ამოქმედდა და 16 აპრილის 09:00 საათამდე გაგრძელდება.
| Print |