COVID19
ვაზიანის 5 ჯარისკაცის ანალიზები ლუგარის ცენტრშია გადაგზავნილი
სამხედროები თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული. კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, აღნიშნული პირების ანალიზები დღეს დილით, ლუგარის ცენტრში გადაიგზავნა.

„რამდენიმე საათის წინ, ჩვენ კლინიკაში ხუთი სამხედრო პაციენტი შემოვიდა, რომელსაც გრიპი და გრიპის მსგავსი სიმტპომატიკა აღენიშნებათ, ზედა სასუნთქი გზების გამოვლინებებით. ამ ეტაპზე, მათ ლაბორატორიული კვლევა უტარდებათ. ასევე, ხვალ დილისთვის აღებული იქნება კორონავირუსზე ბიოლოგიური მასალა და გაიგზავნება ლუგარის ცენტრში. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

კითხვაზე, იმყოფებოდნენ, თუ არა სამხედროები მარნეულში, რატიანი ამბობს, რომ აღნიშნული მისი პრეროგატივა არ არის.

ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჩატარებული კვლევებით პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 75 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.
| Print |