COVID19
სამცხე-ჯავახეთში, თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, თვითიზოლაციაში 705 პირი იმყოფება.

27მარტის მდგომარეობით, ყველაზე მეტი ახალქალაქის მუნიციპალიტეტშია. მათი რაოდენობა 337-მდე გაიზარდა, ყველაზე ცოტა კი ადიგენშია - 9 პირი. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს: ნინოწმინდაში - 185, ახალციხეში - 118, ასპინძაში - 29 და ბორჯომში - 27 პირი იმყოფება.

სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით,

,,ვცდილობთ, რომ ქვეყანაში შემოსული ჩვენი მოქალაქეები, სამცხე-ჯავახეთში განთავსებულ საკარანტინე სივრცეებში მოვახვედროთ, თუ ეს შესაძლებელია, რათა თვითონაც და მათი ოჯახის წევრებიც უფრო მშვიდად იყვნენ" - განმარტავს გიორგი მიქელაძე.

მისივე თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირების დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, ჯანდაცვის წარმომადგენლები სამართალდამცველებთან ერთად პირველი ზარის შემთხვევაში გადიან შემთხვევის ადგილზე და ურჩი მოქალაქეები შესაბამის ადგილზე გადაჰყავთ.

რაც შეეხება კარანტინს, რეგიონში 5 საკარანტინე სივრცეა - აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, ახალციხის ერთ და ბაკურიანის სამ სასტუმროში.

ორკვირიან სავალდებულო პერიოდს ხუთივე საკარანტინე სივრცეში 470 პირი გადის.

| Print |