COVID19
რა თანხად შეიძლება კორონავირუსზე ტესტირების ჩატარება
როცა დავაფიქსირებთ მოსახლეობაში ვირუსის გავრცელების უკონტროლო ზრდას, გვექნება იმის რესურსი მოვახდინოთ მოსახლეობის მასიური ტესტირება - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა კორონა ვირუსის მეოთხეული გადაცემა, ეს გაართულებს დაინფიცირებულთა აღმოჩენას არსებული მეთოდებით. სწორედ ამიტომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა აგრესიული ტესტირების დანერგვის აუცილებლობაზე ისაუბრა.

ხელისუფლება სამხრეთ კორეის რესპუბლიკასა და ჩინეთთან თანამშრომლობის გზით საქართველოში ვირუსის გამოვლენის სწრაფ ტესტებს ჩამოიტანს. ახალი მეთოდით შესაძლებელი ხდება გამოიკვლიონ ყველა პაციენტი ვინც საეჭვო იქნება.

სწრაფი ტესტების მეშვეობით სხეულში ვირუსის არსებობის დადგენა 15 წთ-ში იქნება შესაძლებელი. ახალი მეთოდის დანერგვის შემთხვევაში, თუ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდება და მდგომარეობა მძიმე არ იქნება, ის სახლში დარჩება, ტელეფონით ოჯახის ექიმთან იკონტაქტებს და ოჯახურ პირობებში იმკურნალებს.

გენეტიკის ეროვნული ლაბორატორია COVID-19-ის ტესტის ფასებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მათი ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალის, შსს-ს და საბაჟოს თანამშრომლების, ასევე მათი ოჯახის წევრებისათვის ტესტირება თვითღირებულებით 520 ლარად ტარდება.

საქართველოს მოქალაქეებისა და მუდმივი მაცხოვრებლებისათვის კი იმავე ტესტის საფასური 620 ლარია. ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ავიაკომპანიების თანამშრომლებისათვის - 1000 ლარი.

თუმცა, მას შემდეგ რაც კორონავირუსზე ტესტირების ნებართვა კერძო კომპანიებმაც მიიღეს, ტესტირების ფასი 150 ლარიდან იწყება.
| Print |