COVID19
სამეგრელოში შეზღუდვები გამკაცრდა
პრემიერის პრესსპიკერის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დამატებითი ბლოკ-პოსტები მოეწყობა, რათა მკაცრად გაკონტროლდეს მანქანით გადაადგილება. მისივე თქმით, ერთ მანქანაში მხოლოდ სამი პირის ყოფნაა დასაშვები, მძღოლი და ორი პირი უკანა სავარძელზე უნდა ისხდნენ.

ჩიქოვანი განმარტავს, რომ საგანგებო რეჟიმის მდგომარეობაში კონკრეტულად ამ რეგიონში დამატებითი შეზღუდვების დაწესება, აქ კარანტინის ან კომენდანტის საათის შემოღებას არ ნიშნავს. პრემიერის პრესსპიკერი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დამატებითი ღონისძიებების გატარებას აფხაზეთში გამწვავებულ ეპიდემოილოგიურ მდგომარეობას უკავშირებს.

,,სამეგრელოს რეგიონის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება იკრძალება. ეს არის ერთადერთი დამატება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში უკვე მოქმედ შეზღუდვებზე, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედებს.

დადგება დამატებითი ბლოკ-პოსტები რეგიონის მუნიციპალიტეტების შესასვლელებში, რაც იმას ნიშნავს რომ საპოლიციო ძალები მკაცრად გააკონტროლებენ მანქანით გადაადგილებას. ამ კონტორლში იგულისხმება სოციალური დისტანციის არსებობა. ანუ ერთ ავტომობილში მხოლოდ სამი ადამიანის ყოფნაა დასაშვები, მძღოლი და 2 პირი, რომლებიც უკან უნდა ისხდნენ.

ეს არ არის არც სამეგრელოს რეგიონის კარანტინის ზონად გამოცხადება და არც კომენდანტის საათის შემოღება. ეს არის ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების გამკაცრებისთვის გატარებული ღონისძიებები.

ასეთი მკაცრი კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აფხაზეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების პირობებში,”
-აცხადებს ჩიქოვანი.
| Print |