COVID19
საქართველოს მასშტაბით 660 -მა მოქალაქემ კარანტინი უკვე დატოვა
საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში არსებული საკარანტინო ზონები ამ დროისთვის უკვე 660-მა მოქალაქემ ეტაპობრივად დატოვა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოწყობილ საკარანტინო ზონებში მოქალაქეები 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

ამ ეტაპზე 71 სასტუმროში განთავსებულია 4 700 მდე ადამიანი.

„ჩვენი მოქალაქეების საქართველოში ტრანსფერის და საკარანტინო ზონაში განთავსების პროცესი გამოირჩევა პრევენციული ზომების დაცვის უპრეცედენტოდ მაღალი სტანდარტით და ოპერატიულობით. მინდა კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ სასტუმროს მფლობელს და მმართველ გუნდს, რომლებმაც გამოიჩინა გულისხმიერება და სასტუმრო საკარანტინო ზონისთვის უფასოდ ან განსაკუთრებულად დაბალი ტარიფით დაგვითმო, რაც გამორჩეულად კარგი მაგალითია კერძო და საჯარო თანამშრომლობის, განსაკუთრებით ამ მნიშვნელოვან პერიოდში“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, სასტუმროს ნომრები სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით. განთავსება მოიცავს სამჯერად კვებას, რომლის დროსაც არ ხდება მოქალაქეების უშუალო კონტაქტი მომსახურე პერსონალთან.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტების მიხედვით, სასტუმროებში დეზინფექცია თითოეულ ოთახში პიროვნების განთავსებამდე ტარდება, ასევე ოთახის დატოვების შემდეგ. პარალელურად სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება სასტუმროს მთლიან ტერიტორიაზე. ყველა საკარანტინო ზონაში ადგილზე მუდმივად მობილიზებულია ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რომელსაც მუდმივ კონტროლზე ჰყავს კარანტინში განთავსებული ადამიანები, ხოლო საკარანტინო ზონის გარე პერიმეტრის დაცვას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს სახელმწიფო დაცვის პოლიცია.
| Print |