COVID19
კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა, მათგან ერთი 10 წლის ბავშვია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაინფიცირებული ორი ახალი პაციენტიდან, ერთ-ერთი 10 წლის ბავშვია.

მეორე პაციენტი გადმოჰყავთ ბათუმიდან, ეს არის ათი წლის ბავშვი. მისი ისტორია არ არის ჩემთვის ცნობილი. გადმოჰყავთ მშობელთან ერთდ, მშობელს არ აქვს დაადასტურებული კორონავირუსი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის განცხადებით, 10 წლის ბავშვს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. მისივე თქმით, ის კარანტინში იმყოფებოდა.

"ბავშვს დაუდგინდა კორონავირუსი, მას აქვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია, იგი კარანტინში პარიზიდან დაბრუნების შემდეგ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა, იგი თბილისში გადაიყვანეს, რადგან თბილისში ცხოვრობს ოჯახი და მათ ისურვეს გადაყვანა, მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს ბათუმში მკურნალობის საშუალება
", - აცხადებს ზაალ მიქელაძე

აჭარაში კორონავირუსით 8 ადამიანია ინფიცირებული.
რაც შეეხება მეორე ახალ დაინფიცირებულს, ეზუგბაიას თქმით, პაციენტი სომხეთიდანაა ჩამოსული.

ერთი შემთხვევა უკვე ჩვენთან შემოყვანილია. ეს არის იმპორტული და შემოტანილი შემთხვევა, სომხეთიდანაა ჩამოსული. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით არ არის მძიმე, კეთდება კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და ხვალ მოგახსენებთ მის მდგომარეობას საბოლოო მონაცემებთან ერთად“, - აცხადებს ეზუგბაია.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 783 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 301.

ცნობისთვის, 117 ადამიანიდან, 23 გამოჯანმრთელებულია.
| Print |